ახალი ამბები

ჰომოფობიური მოსაზრების მიუხედავად, საკრებულოს წევრი ამტკიცებს, რომ ჰომოფობი არ არის

29 მარტი, 2018 • 2307
ჰომოფობიური მოსაზრების მიუხედავად, საკრებულოს წევრი ამტკიცებს, რომ ჰომოფობი არ არის

ქუთაისის საკრებულოს წევრი- განათლების, კულტურის, ახალგაზრდულ საქმეთა და სპორტის კომისიის თავმჯდომარე ოთარ ლორთქიფანიძე მიიჩნევს, რომ მისი ჰომოფობიური ფეისბუქ პოსტი, რეალურად, ჰომოფობიური შინაარსის არ არის და არ ახალისებს ჰომოფობიურ განწყობებს.

“ეს არის ჩემი პირადი ფეისბუქ გვერდი, როგორც მოქალაქის. მე მაქვს ასევე ოფიციალური გვერდი, სადაც ჩემი, როგორც პოლიტიკური თანამდებობის პირის საქმიანობა და პოზიციებია საჯარო პროცესებზე. ეს პოსტი არანაირად არ ქმნის იმის საფუძველს, რომ მე ვახალისებდე ჰომოფობიას, მეც ისევე მძულს ჰომოფობია, როგორც ყველა ჯანსაღად მოაზროვნე ადამიანს,” – ამბობს ლორთქიფანიძე “ნეტგაზეთთან” საუბრისას.

ოთარ ლორთქიფანიძემ 17 მარტს ფეისბუქის პირად გვერდზე  ერთ-ერთი საჯარო პირის შესახებ დაწერა, რომ მას, როგორც ჰომოსექსუალს, არ აქვს კონკრეტულ ინსტიტუციასთან ურთიერთობის უფლება. ოთარ ლორთქიფანიძეს ვკითხეთ, რატომ დაწერა ამ შინაარსის პოსტი და ჰომოფობიაა თუ არა ის, როცა ადამიანს რაიმეს უფლება არ აქვს მისი სექსუალური ორიენტაცისს გამო? რაზეც მან პირდაპირი პასუხი არ გაგვცა:

“ჩემი პოსტი, რომელიც პირად გვერდზე გამოვაქვეყნე, კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ არ შეიცავს ჰომოფობიურ განცხადებას და არც შეიძლება რაიმე ზეგავლენა მოახდინოს რომელიმე კონკრეტულ პიროვნებაზე, ან რომელიმე კონკრეტულმა პიროვნებამ მიიღოს საკუთარ თავზე, ან ვინმე წავახალისო ვინმეს სიძულვილისთვის. ეს გამორიცხულია. კიდევ ერთხელ გიდასტურებთ, რომ ჩემი არცერთი პოსტი არ შეიცავს ჰომოფობიურ განცხადებებს და, მით უმეტეს, მე. თუ გაინტერესებთ ჩემი პიროვნება, ძალიან ტოლერანტი, კაცთმოყვარე, ქრისტიანი ახალგაზრდა ვარ, როგორც ქართველი მოქალაქე. უნდა დაგემშვიდობოთ, შეხვედრაზე მივდივარ”.

მასალების გადაბეჭდვის წესი