ნეტგაზეთი | შსს: ოჯახში დანაშაულის ბრალდებით 2018 წლის პირველ 3 თვეში 855 პირი დააკავეს შსს: ოჯახში დანაშაულის ბრალდებით 2018 წლის პირველ 3 თვეში 855 პირი დააკავეს – Netgazeti
RU | GE  

შსს: ოჯახში დანაშაულის ბრალდებით 2018 წლის პირველ 3 თვეში 855 პირი დააკავეს

შსს-ს ინფორმაციით, ბოლო სამი თვის მანძილზე ოჯახში დანაშაულის ჩადენის ბრალდებით სამართალდამცავებმა 855 პირი დააკავეს. სტატისტიკა უწყებამ დღეს, 29 მარტს, გამართულ ბრიფინგზე გაასაჯაროვა.

შსს-ს ადამიანის უფლებათა დაცვის დეპარტამენტის დირექტორის, ლონდა თოლორაიას ინფორმაციით, ყველაზე მეტი – 424 პირი თბილისში დააკავეს. დედაქალაქს იმერეთი და რაჭა-ლეჩხუმი მოსდევს, სადაც ოჯახში დანაშაულის გამო 78 ადამიანი აიყვანეს.  ქვემო ქართლში 76 პირი დააკავეს, კახეთში – 68, შიდა ქართლში – 66, აჭარაში – 40, სამცხე-ჯავახეთში – 39, სამეგრელოში – 25, გურიაში – 25, მცხეთა-მთიანეთში კი – 14.

კონკრეტულ დანაშაულებს შორის ოჯახში ძალადობის მუხლი ჭარბობს, რომლითაც 585 პირის მიმართ დაიწყო გამოძიება. 206 შემთხვევაში საქმე ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული ძალადობის მუხლით აღიძრა, 39-ის შემთხვევაში კი – ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის ბრალდებით.

რაც შეეხება კონკრეტულ დანაშაულებს, ბრალდებულთა ძირითადი ნაწილი დააკავეს ოჯახში ძალადობის, ოჯახის წევრის მიმართ განხორციელებული მუქარის, იძულებისა და ჯანმრთელობის დაზიანების ბრალდებით.

გამოძიების დაწყების პარალელურად, სამართალდამცველებმა 1402 პირის მიმართ შემაკავებელი ორდერი გამოსცეს, რომლითაც მოძალადეებს გარკვეული შეზღუდვები დაუწესდათ და აეკრძალათ მსხვერპლებთან ნებისმიერი ფორმით კომუნიკაცია.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018 წლის პირველ სამ თვეში გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით პოლიციისთვის მიმართვიანობა მკვეთრად გაიზარდა. თუ გასულ წელს აღნიშნული მაჩვენებელი 530 იყო, წელს სამართალდამცავებს 1 179-მა ადამიანმა მიმართა.

შსს მოუწოდებს ძალადობის ყველა მსხვერპლს, ასევე ძალადობის შესახებ ინფორმირებულ პირებს, დანაშაულის აღკვეთის მიზნით პოლიციასთან ითანამშრომლონ.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მიხეილ გვაძაბია არის ნეტგაზეთის რეპორტიორი 2017 წლის სექტემბრიდან