ახალი ამბები

13 წლის ბიჭის მდგომარეობა, რომელსაც ლიფტში თავს დაესხნენ, სტაბილურია

29 მარტი, 2018 • 2082
13 წლის ბიჭის მდგომარეობა, რომელსაც ლიფტში თავს დაესხნენ, სტაბილურია

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, დაკავებულია პირი, რომელსაც თბილისში მოზარდზე ძალადობა ედება ბრალად. თავად დაზარალებული მოზარდის მდგომარეობა, რომელიც ამ დროისთვის იაშვილის სახელობის კლინიკაში იმყოფება, სტაბილურია.

შსს-ს ცნობით, პატრულ-ინსპექტორებს საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზოში დაახლოებით 13 წლის ბიჭი დახვდათ, რომელსაც სხეულზე დაზიანება აღენიშნებოდა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადამ არასრულწლოვანი საავადმყოფოში გადაიყვანა, ხოლო სავარაუდო დამნაშავე ადგილზევე დააკავა. შემთხვევა 28 მარტს მოხდა.

გამოძიება, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილის „დ” ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ ძალადობას გულისხმობს და ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

იაშვილის კლინიკაში ნეტგაზეთს განუცხადეს, რომ მოზარდის მდგომარეობა სტაბილურია და იგი ნევროლოგიურ განყოფილებაში იმყოფება ტვინის შერყევის დიაგნოზით. ჯერჯერობით უცნობია, როდისთვის გაწერენ საავადმყოფოდან. ცნობილია, რომ შემთხვევის დროს 13 წლის ბიჭს თვალები დაუზიანდა. კლინიკაში ამბობენ, რომ ბიჭი ხედავს, თუმცა ერთი თვალი შედარებით მეტად აქვს დაზიანებული, ვიდრე მეორე და დაკვირვების ქვეშაა. კლინიკის ცნობითვე, ბიჭი კონტაქტურია.

მასალების გადაბეჭდვის წესი