ახალი ამბები

პარლამენტმა უკუაგდო წინადადება სააკაშვილის ხელისუფლების “დანაშაულებრივ რეჟიმად” გამოცხადებაზე

28 მარტი, 2018 • 1817
პარლამენტმა უკუაგდო წინადადება სააკაშვილის ხელისუფლების “დანაშაულებრივ რეჟიმად” გამოცხადებაზე

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა არ მიიღო გაერთიანების “ზვიადის გზა – უფლის სახელით” საკანონმდებლო წინადადება, რომლის თანახმადაც წინა მთავრობას დანაშაულებრივი რეჟიმი უნდა ეწოდოს, ხოლო ენმ-ის წევრ ყოფილ მაღალჩინოსნებს თანამდებობის დაკავება აეკრძალოთ”.

ინიციატივის თანახმად, ცვლილებები “თავისუფლების ქარტიაში” უნდა შესულიყო, მაგრამ იურიდიულ საკითხთა კომიტეტმა ინიციატივა 21 მარტს მხარი არ დაუჭირა.

სხვა ცვლილებებთან ერთად, საკანონმდებლო წინადადების მიხედვით, “2004 წლის საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებიდან 2012 წლის საპარლამენტო არჩევნების შედეგების დამტკიცებამდე საქართველოში მომქმედი დანაშაულებრივი ხასიათისა და სისტემური დანაშაულის შემცველი სახელმწიფო მმართველობითი რეჟიმი” დანაშაულებრივ რეჟიმად უნდა გამოცხადებულიყო.

„ამ კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრულ თანამდებობებზე, ამ კანონის ძალაში შესვლიდან ყველა სახის არჩევნების ორი ციკლის განმავლობაში, არ შეიძლება დანიშნულ ან არჩეულ იქნენ დანაშაულებრივი რეჟიმის დამამყარებელი პოლიტიკური გაერთიანების, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყველა ის პირები, რომლებსაც საქართველოში დანაშაულებრივი რეჟიმის მოქმედების დროის განმავლობაში ამ პარტიის წევრის სტატუსით ეკავათ ამ კანონის მე-8 მუხლით განსაზღვრული არჩევითი ან დანიშნული ანაზღაურებადი თანამდებობა”.

კომიტეტის დასკვნა

კომიტეტმა აღნიშნული საკანონმდებლო ინიციატივა არ დააკმაყოფილა და განმარტა, რომ პოლიტიკური პარტიის აკრძალვის პირობები, კერძოდ, პარტიის აკრძალვა შეიძლება მხოლოდ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებით.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეუძლია აკრძალოს პარტია, რომლის მიზანია საქართველოს კონსტიტუციური წყობილების დამხობა ან ძალადობით შეცვლა, ქვეყნის დამოუკიდებლობის ხელყოფა, ტერიტორიული მთლიანობის დარღვევა, ან რომელიც ეწევა ომის ან ძალადობის პროპაგანდას, აღვივებს ეროვნულ, კუთხურ, რელიგიურ ან სოციალურ შუღლს, ქმნის ან შექმნილი აქვს შეიარაღებული ფორმირება.

კომიტეტის გადაწყვეტილებით,  საკანონმდებლო წინადადება ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, რომლითაც დადგენილია, რომ საქართველოს ყოველ მოქალაქეს უფლება აქვს დაიკავოს ნებისმიერი სახელმწიფო თანამდებობა, თუ იგი აკმაყოფილებს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი