ახალი ამბები

ზუგდიდის საკრებულოსგან ითხოვენ, ბერიას ქუჩას ოთხოზორიას სახელი დაერქვას

28 მარტი, 2018 • 1621
ზუგდიდის საკრებულოსგან ითხოვენ, ბერიას ქუჩას ოთხოზორიას სახელი დაერქვას

დღეს, 28 მარტს, “საერთაშორისო გამჭვირვალობა – საქართველომ” პარტნიორებთან ერთად ოფიციალურად მიმართა ზუგდიდის საკრებულოს თავმჯდომარეს ინიციატივით, რომ ზუგდიდში ლავრენტი ბერიას ქუჩას გადაერქვას სახელი და მას 2016 წელს ხურჩაში აფხაზი მესაზღვრის მიერ მოკლული გიგა ოთხოზორიას სახელი მიენიჭოს.

“ვიმედოვნებთ, რომ ეს საკითხი დადებითად გადაწყდება. ინიციატივის ავტორები ვესაუბრეთ მოკლული ოთხოზორიას ოჯახის წევრებს და, როგორც აღმოჩნდა, ოთხოზორიები ადრეულ წლებში სწორედ ბერიას ქუჩაზე ცხოვრობდნენ, ეს გარემოება კი საკრებულოს გადაწყვეტილებას, ქუჩას გიგა ოთხოზორიას სახელი მიენიჭოს, ორმაგ სიმბოლურ დატვირთვას შესძენს”, – ნათქვამია “საერთაშორისო გამჭვრივალობა – საქართველოს” განცხადებაში. 

გიგა ოთხოზორია 2016 წლის მაისში სოფელ ხურჩაში დე ფაქტო აფხაზეთის მესაზღვრემ რაშიდ კანჯი ოღლიმ ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. ქართულმა სასამართლომ კანჯი ოღლი დაუსწრებლად გაასამართლა და მას 14 წლის პატიმრობა მიუსაჯა. მასზე გამოცხადებულია ძებნა.

რაც შეეხება ლავრენტი ბერიას, ის 1930-1940-იან წლებში საბჭოთა კავშირის შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტს იკავებდა, რა დროსაც ორგანიზებას უწევდა ადამიანების პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებას, გადასახლებასა და დახვრეტას.

მასალების გადაბეჭდვის წესი