ახალი ამბებისამართალი

სერგო მეთოფიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომების დახურვის ინიციატივით გამოდის

28 მარტი, 2018 •
სერგო მეთოფიშვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომების დახურვის ინიციატივით გამოდის

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი სერგო მეთოფიშვილი გამოდის ინიციატივით, რომ დაიხუროს საბჭოს სხდომები, რომლებიც დღეის მდგომარეობით საჯაროა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს ბოლოდროინდელი სხდომები ხშირად მწვავე კამათის ფონზე მიმდინარეობს. სასამართლოში კლანური მმართველობაზე, მოსამართლეების დანიშვნებთან დაკავშირებულ ხარვეზებზე და სხვა პრობლემურ საკითხებზე საუბრობენ არამოსამართლე წევრები – ნაზი ჯანეზაშვილი და ანა დოლიძე, რომელთაც ამის გამო უთანხმოება აქვთ საბჭოს მოსამართლე წევრებთან.

სხდომების დახურვის ინიციატივის შესახებ სერგო მეთოფიშვილმა 26 მარტს საბჭოს სხდომაზე განაცხადა:

“მე დავაყენებ ამ საკითხს მომდევნო სხდომაზე, რომ საბჭოს სხდომები დაიხუროს. ეს არაჯანსაღი ატმოსფეროა, ჩემი აზრით. მე ამას დავასაბუთებ, ახლა მზად არ ვარ…  ადრეც თუ გახსოვთ, ვთქვი, რომ გამოვიტან ამას და ვიმსჯელოთ ამაზე. ეს არ არის სამუშაო გარემო, რაც აქ ხდება. დღეს უზარმაზარი საკითხებია, უზარმაზარი პრობლემების წინაშე დგას სასამართლო სისტემა, უზარმაზარი  პრობლემები გვაქვს და დღეს ჩვენ, აი, ამით ვართ დაკავებული- ვინ უფრო მახვილად ვინმეს უპასუხებს და ასე შემდეგ. ეს ხდება იმიტომ, რომ გამჭვირვალობამ მოიტანა, რომ სამუშაო რეჟიმი გადავიდა რეალითი შოუში. ეს არის რეალითი შოუ,” – განაცხადა მეთოფიშვილმა.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომები, ტრადიციულად, ყოველ ორშაბათს იმართება. შესაბამისად, ეს საკითხი შესაძლოა მეთოფიშვილმა 2 აპრილს დააყენოს საბჭოს დღის წესრიგში.

უკვე ცნობილია, რომ ამ ინიციატივას ეწინააღმდეგება საბჭოს არამოსამართლე წევრი ნაზი ჯანეზაშვილი.

მასალების გადაბეჭდვის წესი