ახალი ამბები

“თეთრი ხმაურის მოძრაობის” მიმართვა პრემიერს და საზოგადოებას

27 მარტი, 2018 • 1767
“თეთრი ხმაურის მოძრაობის” მიმართვა პრემიერს და საზოგადოებას

“თეთრი ხმაურის მოძრაობა” ნარკოპოლიტიკის რეფორმასთან დაკავშირებით პრემიერ-მინისტრს და საზოგადოებას მიმართავს. მოძრაობას მიაჩნია, რომ პრემიერის და მისი პოლიტიკური გუნდის პასუხისმგებლობაა ციხეებში ნარკოდანაშაულისთვის მყოფი ადამიანების დანგრეული ცხოვრება.

მოძრაობა ასევე მიმართავს საზოგადოებას, მათ წინააღმდეგობას ახალი, უფრო მძლავრი სიცოცხლე შესძინონ. მიმართვის სრული ვერსია იხილეთ ბმულზე.

მიმართვა პრემიერს

2017 წლის 10 ივნისს, თქვენს მიერ გაკეთებულ განცხადებას რეფორმის მხარდამჭერი საზოგადოება, პატიმრები, მათი ოჯახები და სამოქალაქო სექტორი ოპტიმიზმით შეხვდა. პარლამენტმა საშემოდგომო სესია უშედეგოდ დაასრულა და მიმდინარე საგაზაფხულო სესიაზეც უცნობია მოხერხდება თუ არა რეფორმის გატარება.

საკონონმდებლო ორგანომ საკუთარი მოქმედებებით თუ უმოქმედობით დაადასტურა, რომ ის მარიონეტული ორგანოა და ქვეყნის საკანონმდებლო ცხოვრებაში მისი როლი ნოტარიულ ფუნქციას არ აღემატება, დამოუკიდებლად ვერ იღებს გადაწყვეტილებებს და დამოკიდებულია “ზემოთ” მყოფ ძალაუფლებაზე.

კანონპროექტის ინიციატორები ხაზს უსვამენ თქვენი, როგორც მმართველი კოალიციის თავმჯდომარის როლს და პროცესის შეფერხების მიზეზადაც თქვენთან მიმდინარე მოლაპარაკებებს ასახელებენ. ამასობაში თქვენი პოლიცია, ძალოვანი უწყებები, მართლმსაჯულება, კვლავაც ხელმძღვანელობენ ნულოვანი ტოლერანტობის ნარკოპოლიტიკით, არაადეკვატური სიმკაცრის სასჯელებით და აუბედურებენ უდანაშაულო ადამიანებს, მათ ოჯახებს, მომავალს ართმევენ ახალგაზრდებს.

შესაბამისად, ყველა იმ ადამიანის ბედი, რომლებიც კვლავაც ხდებიან სისხლის სამართლის დევნის ობიექტნი ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისა და პირადი მოხმარების მიზნით ფლობისთვის, თქვენი და თქვენი პოლიტიკური გუნდის პირდაპირი პასუხისმგებლობაა. ციხეებში მათი დაგნრეული ცხოვრება, გარიყვა და სოციალური კოლაფსი თქვენი სიტყვის შეუსრულებლობის პირდაპირი შედეგი და გამოძახილია. ვითხოვთ პასუხს, სად არის თქვენი დაპირებები რომლებსაც წინასაარჩევნოდ და აქციების პარალელურად გასცემდით? ყველა პასუხი, რომელიც ამბობს, რომ საკითხი კომპლექსიურია, საჭიროებს გააზრებას, დროს და რესურსებს, პოზიციების შეჯერებას, იქნება არალეგიტიმური და გამოიწვევს საზოგადოების შეჯერებას, რომ კომპლექსური იერიში მიიტანოს თქვენს მმართველობაზე.

მიმართვა საზოგადოებას

ჩვენ, თეთრი ხმაურის მოძრაობას, აღარ გვაქვს რწმენა რომ მოქმედი პოლიტიკური კლასი მოახერხებს ჰუმანური ნარკოპოლიტიკის ფორმირებას. ჩვენი დაცვა განახლებული დევნისგან მხოლოდ ჩვენსავე ხელთაა. ჩვენი მოკავშირე მხოლოდ ჩვენივე ერთიანობა და ორგანიზებულობაა.

ყველა გამარჯვება, რომელიც აქამდე მოვიპოვეთ, მხოლოდ ჩვენი გულწრფელი და სამართლიანი ბრძოლის შედეგია. დაწყებული წინააღმდეგობის ბოლომდე მიყვანა კი ჩვენი ვალდებულებაა. ათიათასობით ჩაგრულ ადამიანს, ასობით ათას მომხმარებელს, ჩვენ ვერ დავტოვებთ მარტოდ ძალადობრივი სისტემის პირისპირ. დროა ჩვენი ორგანიზების მასშტაბებსა და წინააღმდეგობის ფორმებს ახალი, უფრო მძლავრი სიცოცხლე შევძინოთ, დავიბრუნოთ ის, რაც ჩვენი კუთვნილებაა, თავისუფლება და ღირსეული, პოლიციური კონტროლისა და დევნისგან თავისუფალი ცხოვრების შესაძლებლობა.


საქართველოს პარლამენტმა 5 მარტს კიდევ ორი თვით გადაავადა ჰუმანურ ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებული კანონპროექტების განხილვა.

ეს კანონპროექტი 2017 წლის ივნისში დაარეგისტრირეს დეპუტატებმა: აკაკი ზოიძემ, ლევან კობერიძემ, დიმიტრი ცქიტიშვილმა, ირინა ფრუიძემ და სოფო ქცარავამ. ამ დრომდე კანონპროექტის მიღება პარლამენტმა არაერთხელ გადადო.

გადავადებული კანონპროექტის თანახმად, ნარკოტიკულ დანაშაულებთან დაკავშირებული სისხლის სამართლის მართლმსაჯულება უნდა ეფუძნებოდეს ჰუმანიზმის, ინდივიდუალური და არარეპრესიული მიდგომის, რეაბილიტაციისა და რესოციალიზაციის პრინციპებს.

კანონპროექტით, ზღვრული ოდენობების გაწერასთან ერთად,  ერთ-ერთი სიახლე იქნება საქართველოს მასშტაბით 15 სხვადასხვა ადგილას შექმილი კომისია. კანონპროექტით, ეს კომისიები ნარკოდამოკიდებულ ადამიანებთან იმუშავებენ და იმ შემთხვევაში, თუ ნარკოტიკებთან შემხებლობის მქონე პირი არ გაითვალისწინებს კომისიის შენიშვნებსა და რეკომენდაციებს, ამის შემდეგ კომისია მიმართავს სასამართლოს, კონკრეტული სანქციის დაკისრების თაობაზე იმსჯელოს. კანონპროექტი ითვალისწინებს, რომ ამ ადამიანებს  მკურნალობისა და რეაბილიტაციის შესაძლებლობა მიეცეთ, რისთვისაც სახელმწიფომ სერვისები უნდა განავითაროს.

მასალების გადაბეჭდვის წესი