ახალი ამბები

რუსეთში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 53-მდე გაიზარდა

26 მარტი, 2018 • 3759
რუსეთში ხანძრის შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 53-მდე გაიზარდა

რუსეთში, ქალაქ კემეროვოში, ერთ-ერთ სავაჭრო ცენტრში 25 მარტს გაჩენილ ხანძარს, სულ მცირე, 53 ადამიანი ემსხვერპლა. რუსეთის საგანგებო სიტუაციების სამსახურის ცნობით, 16 პირი დაკარგულად მიიჩნევა.

დაღუპულთა და დაკარგულთა შორის არიან ბავშვებიც. ისინი საგაზაფხულო არდადეგების დაწყების აღსანიშნავად გასართობ ცენტრში იმყოფებოდნენ, რომელიც დამწვარი ობიექტის მეოთხე სართულზე იყო განთავსებული. ხანძარი სწორედ აქ გაჩდა.

როგორც რუსული მედია წერს, სავაჭრო ცენტრს არ აღმოაჩნდა სახანძრო კიბე, შიდა ინტერიერი კი ადვილადაალებადი პლასტიკატით იყო მოპირკეთებული, რის გამოც ცეცხლი სწრაფად გავრცელდა, შავი კვამლის გამო კი სუნთქვა და რაიმეს დანახვა შეუძლებელი იყო.

რუსულ სოციალურ ქსელებში ქვეყნდება არაერთი ვიდეო, რომელზეც აღბეჭდილია ხანძრის გამო ალყაში მომწყვდეული მოქალაქეები, ასევე პირები, რომლებიც ხანძარს მეოთხე სართულიდან გადმოხტომით გაურბიან.

სამართალდამცავებმა ხანძართან დაკავშირებით ოთხი პირი დააკავეს, მათ შორის სავაჭრო ცენტრის მმართველი კომპანიის ხელმძღვანელი.

რუსული მედიის ცნობით, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული ხანძარი რუსეთის ისტორიაში, რომელიც ბოლო ასი წლის განმავლობაში მომხდარა.

ამ დროისათვის სავაჭრო ცენტრში ცეცხლის ღია კერები ჩამქრალია, თუმცა ადგილზე ძლიერი დაკვამლიანებაა, რის გამოც მეხანძრე-მაშველებს შენობა ბოლომდე ჯერ არ დაუთვალიერებიათ. მოსალოდნელია, რომ მსხვერპლი კიდევ უფრო გაიზრდება.

კემეროვო ციმბირში, მოსკოვიდან 3 600 კილომეტრში მდებარეობს. ის ინდუსტრიული ქალაქია, სადაც ნახევარ მილიონამდე ადამიანი ცხოვრობს.

მასალების გადაბეჭდვის წესი