საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 2018 ფისკალური წლის აშშ-ის ბიუჯეტში საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციის შესახებ ჩანაწერი შენარჩუნებულია. საქართველოს მხარდამჭერი ტექსტი სათაურით: „საქართველოს ტერიტორიების აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაცია“ რუსეთის აგრესიის ქვეთავის ქვეშ ექცევა.
ტექსტის თანახმად, ხსენებული კანონით გამოყოფილი დაფინანსებით ვერ ისარგებლებს ვერც ერთი ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, თუ აშშ-ის სახელმწიფო მდივანი დაადგენს და ასიგნებების კომიტეტს წარუდგენს ანგარიშს იმის თაობაზე, რომ აღნიშნულმა ქვეყანამ აღიარა რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა, ან მათთან დაამყარა დიპლომატიური ურთიერთობები.
ბიუჯეტის კანონს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა დღეს მოაწერა ხელი, რომელშიც დაგმობილია აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების ოკუპაცია და დაწესებულია აკრძალვა დაფინანსების, ყველა იმ მთავრობის, რომელიც აღიარებს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს.
კანონი მოუწოდებს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს, დროულად გამოაქვეყნოს ამგვარი ქვეყნების სია სახელმწიფო დეპარტამენტის ვებ-გვერდზე.
დოკუმენტის თანახმად, ხსენებული კანონით გამოყოფილი რაიმე დაფინანსება არ შეიძლება გამოყენებულ იქნეს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის/სამხრეთ ოსეთის ოკუპაციის მხარდასაჭერად.
კანონი მოუწოდებს აშშ-ის ხაზინის დეპარტამენტს შესაბამისი ინსტრუქცია მისცეს საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების აშშ-ის აღმასრულებელ დირექტორებს, რათა მათ უარყოფითი ხმა დააფიქსირონ ნებისმიერი იმ პროგრამის დაფინანსებასთან დაკავშირებით (სესხის, კრედიტისა და გარანტიის ჩათვლით), რომელიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.
აშშ-ის 2018 ფისკალური წლის ბიუჯეტიდან საქართველო 105,325 მილიონ აშშ დოლარის დაფინანსებას მიიღებს, რაც 5 მილიონი აშშ დოლარით მეტია გასულ წელთან შედარებით და შემდეგი მუხლებით არის გამოყოფილი: ევროპის, ევრაზიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების დახმარება; ნარკოტიკებთან ბრძოლისა და კონტროლის პროგრამები; ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობა, ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა; სამხედრო განათლება და წვრთნები; საგარეო სამხედრო დაფინასება (FMF).
რუსეთის აგრესიის ქვეთავში აღნიშნულია, რომ ევროპისა და ევრაზიის ქვეყნებისთვის გამოყოფილი დაფინანსება უნდა მოხმარდეს რუსეთის ზეგავლენისა და აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლას. აღმოსავლეთ პარტნიორობის ქვეყნებისთვის გამოყოფილი დაფინანსების წილი ასევე უნდა მოხმარდეს ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შესახებ შეთანხმებებისა და სავაჭრო შეთანხმებების იმპლემენტაციას, ასევე, საგარეო ეკონომიკური ფაქტორების ზეგავლენისა და რუსეთის ფედერაციის მხრიდან პოლიტიკური ზეწოლის შემცირებას.