ახალი ამბებისამართალი

სარფში უპრეცედენტო რაოდენობის ოქრო და ვერცხლი ამოვიღეთ – საგამოძიებო სამსახური

23 მარტი, 2018 • 2321
სარფში უპრეცედენტო რაოდენობის ოქრო და ვერცხლი ამოვიღეთ – საგამოძიებო სამსახური

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის ცნობით, საგამოძიებო სამსახურის არსებობის მთელი პერიოდის განმავლობაში, უპრეცედენტოდ დიდი რაოდენობის არადეკლარირებული საქონელი – 40 კგ ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები ამოიღეს.

მათივე ცნობით, სარფის საბაჟო საზღვარზე, განსაკუთრებით დიდი ოდენობით საქონლის გადაადგილებასთან დაკავშირებული წესის დარღვევისთვის აზერბაიჯანის ერთი მოქალაქე დააკავეს.

საგამოძიებო სამსახური აცხადებს, რომ ამოღებული ძვირფასეულობის საბაჟო ღირებულება 2 000 000 ლარს აღემატება.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, ”MERCEDES BENZ”-ის მარკის სამგზავრო ავტობუსში სპეციალურად მოწყობილი სამალავით, საბაჟო გამშვები პუნქტის ,,სარფის’’ გავლით, ცდილობდა საქართველოს საბაჟო საზღვარზე, საბაჟო კონტროლისაგან მალულად შემოეტანა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ძვირფასი ლითონის – 36 კგ ოქროსა და 4 კგ ვერცხლის ნაკეთობები, ასევე ავტომანქანის სათადარიგო ნაწილები. 

საგამოძიებო მოქმედებების შედეგად ამოღებული ძვირფასეულობის საბაჟო ღირებულება 2 000 000 ლარს აღემატება, ხოლო ამოღებული ავტონაწილების ღირებულება 19 700 ლარს შეადგენს. ამ ეტაპზე მიმდინარეობს აღნიშნული პროდუქციის სასაქონლო ექსპერტიზა.

საქმეზე გამოძიება გრძელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მეორე ნაწილით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5-დან 7 წლამდე ვადით,”- აცხადებს საგამოძიებო სამსახური.

მასალების გადაბეჭდვის წესი