ახალი ამბებისამართალი

ესპანეთში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი დააკავეს – შსს

23 მარტი, 2018 • 3753
ესპანეთში ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი დააკავეს – შსს

ესპანეთში დააკავეს  ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის ოთხი წევრი, რომელთაგან ოთხივე საქართველოს მოქალაქეა – ეს ინფორმაცია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს, 23 მარტს გამართულ ბრიფინგზე გაავრცელა.

როგორც საქართველოს შსს აცხადებს, ამ საქმის ინიციატორები თავად იყვნენ და ესპანელ კოლეგებს ოპერატიული ინფორმაცია მიაწოდეს კრიმინალური დაჯგუფების და მისი საქმიანობის შესახებ. 

“ეფექტიანი საპოლიციო თანამშრომლობის შედეგია რამდენიმე დღის წინ მადრიდში ჩატარებული სპეცოპერაციაც. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტისა და ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეროვნულ პოლიციასთან ინტენსიური თანამშრომლობის შედეგად, ქალაქ მადრიდში დაკავებულ იქნა ქართული ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის 4 წევრი. ოთხივე დაკავებული საქართველოს მოქალაქეა.

აღნიშნული საქმის ინიციატორი იყო საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო, რომელმაც ესპანელ კოლეგებს ოპერატიული ინფორმაცია მიაწოდა კრიმინალური დაჯგუფების და მისი საქმიანობის შესახებ. 

გამოძიების ინფორმაციით, დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ქალაქ მადრიდსა და მის შემოგარენში საცხოვრებელ სახლებს ქურდავდნენ. 

სამართალდამცველებმა, დაკავებულების საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას, დიდი რაოდენობით ნაქურდალი ნივთები, სამკაულები, ძვირფასეულობა და 9 ცეცხლსასროლი იარაღი ნივთმტკიცებად ამოიღეს.

დაკავებულებს ბრალი წარედგინათ ესპანეთის სამეფოს სისხლის სამართლის კოდექსის 515-ე, 234-ე, 563-ე და 390-ე მუხლებით, რაც კრიმინალურ-დანაშაულებრივი ჯგუფის წევრობას, ქურდობას, იარაღის უკანონო შეძენა-შენახვას და დოკუმენტების გაყალბებას გულისხმობს.

ჩადენილი დანაშაულები 2-დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.  გამოძიებას ესპანეთის სამეფოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ეროვნული პოლიციის კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტი აწარმოებს. 

შინაგან საქმეთა სამინისტრო აგრძელებს აქტიურ თანამშრომლობას ევროპელ კოლეგებთან. ამ ეტაპზე ინტენსიურად მიმდინარეობს ოპერატიული ინფორმაციის გაცვლა სხვა დანაშაულებრივი ჯგუფების საქმიანობასთან დაკავშირებით,”- აცხადებს შსს.

მასალების გადაბეჭდვის წესი