ახალი ამბები

ხადური: სსფ შეგვპირდა, რომ საქართველოსთან მიმართებაში პროგნოზს გადახედავს

14 ოქტომბერი, 2013 •
ხადური: სსფ შეგვპირდა, რომ საქართველოსთან მიმართებაში პროგნოზს გადახედავს

“საერთაშორისო სავალუტო ფონდისგან მივიღეთ პირობა, რომ საქართველოსთან მიმართებაში გამოქვეყნებულ პროგნოზს გადახედავს. საერთაშორისო სავალუტო ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, მენო შნელთან შეხვედრაზე ვისაუბრეთ საქართველოს ეკონომიკაში არსებულ მდგომარეობაზე, იმ პროგნოზებზე, რომელიც გამოაქვეყნა საერთაშორისო სავალუტო ფონდმა. როგორც გაირკვა, იგი თავადაც გაკვირვებულია ამგვარი პროგნოზით და მივიღეთ პირობა, რომ აღნიშნული შეფასება გადაიხედება” – ამის შესახებ საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ნოდარ ხადურმა განაცხადა.

 

საერთაშორისო სავალუტო ფონდმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი 2,5%-მდე შეუმცირა.

აშშ-ში ვიზიტის ფარგლებში ფინანსთა მინისტრმა შეხვედრები გამართა ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორთან თურქეთში, აღმოსავლეთ ევროპის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებში ოლივიე და კამთან და ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენტ ვილჰელმ მოლტერერთან.

“რაც შეეხება შეხვედრებს ჩვენს მთავარ ინვესტორებთან – ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის აღმასრულებელ დირექტორთან ვისაუბრეთ ბანკის მიერ განხორციელებულ პროექტებზე. ისინი აპირებენ გაააქტიურონ თანამშრომლობა საქართველოსთან. ნოემბერში ბანკისგან ველოდებით საინტერესო სიურპრიზს, რომლის გაჟღერების უფლებაც ჯერ არ მაქვს. ევროპის საინვესტიციო ბანკის ვიცე-პრეზიდენთან შეხვედრაზე განვიხილეთ ბანკის უახლოესი გეგმები საქართველოში. როგორც იცით, ბანკი აქტიურადაა ჩართული ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებაში. ბანკი გეგმავს ინვესტირებას კერძო სექტორში. აგრეთვე, აპირებენ კერძო-საჯარო თანამშრომლობის ე.წ. PP პროექტებში ჩართვას. სწორედ აღნიშნული ტიპის შეხვედრები მაძლევს რწმენას და გარანტიას, რომ მომავალ წელს საქართველოში ინვესტიციების რაოდენობა გაიზრდება”, – განაცხადა ნოდარ ხადურმა.

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო სავალუტო ფონდის ყოველწლიურ კონფერენციაში, სადაც გარდამავალი ეკონომიკის მქონე ქვეყნებში არსებული მდგომარეობა განიხილებოდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი