ახალი ამბები

‘აფხაზეთი, ჩემი საყვარელი მხარე, გაუგებარ რაღაცადაა გადაქცეული’ – ლუკაშენკო თბილისში

22 მარტი, 2018 • 2688
‘აფხაზეთი, ჩემი საყვარელი მხარე, გაუგებარ რაღაცადაა გადაქცეული’ – ლუკაშენკო თბილისში

დღეს, 23 მარტს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სტუმრად მყოფ ბელარუსის პრეზიდენტ ალექსანდრე ლუკაშენკოსთან ერთად ეკონომიკური და სექტორული თანამშრომლობის საკითხები განიხილა.

პრეზიდენტებმა შეხვედრაზე ეკონომიკის, ბიზნესის, სოფლის მეურნეობის, ინფრასტრუქტურის, ლოგისტიკისა და განათლების მიმართულებით სექტორული თანამშრომლობის გაძლიერებაზე, შესაბამისი მემორანდუმებისა და შეთანხმებების გაფორმებაზე, ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავებაზე იმსჯელეს.

“მიხარია, რომ მაქვს შესაძლებლობა გიმასპინძლოთ მეგობრულ საქართველოში და გავაგრძელოთ და გავაღრმავოთ ის ურთიერთობები, რომელიც ჩვენს ხალხებს შორის არის. მადლობა თქვენ პირადი მეგობრობის, კარგი ურთიერთობებისა და იმ ზრუნვისთვის, რომელსაც თქვენი გადაწყვეტილებებით ქართველი ხალხისათვის და საქართველოსათვის აკეთებთ”, – განაცხადა მარგველაშვილმა.

გიორგი მარგველაშვილის შეფასებით, განვლილი სამი წლის განმავლობაში, საქართველომ და ბელარუსმა არაერთ წარმატებას მაღწია ორმხრივი ურთიერთობების განვითარების კუთხით და ერთობლივად განახორციელა მრავალი მნიშვნელოვანი პროექტი, რაც დადებითად აისახა ჩვენს სავაჭრო და ეკონომიკურ მაჩვენებელზე.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველოსა და ბელარუსს შორის სავაჭრო ბრუნვა წინა წლებთან შედარებით 24%-ით, ხოლო ტურიზმის მაჩვენებელი კი 29% -ით გაიზარდა.

მარგველაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს სურს ევროპული ინტეგრაციის სიკეთეები პარტნიორებს გაუზიაროს. საქართველოს პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ საქართველო – ბელორუსის ურთიერთობა, სხვადასხვა გეოპოლიტიკური სივრცის წარმომადგენელი ქვეყნების ურთიერთობის, წარმატებული მაგალითია.

“თბილისში მხოლოდ მეორედ ვარ. მე ადრე ჩავედი სოხუმამდე… მაგრამ ახლა, სამწუხაროდ, შეიქმნა რაღაც გაუგებრობა.. არავისთვისაა შესაძლებელი იქ ჩასვლა, და ეს მშვენიერი მხარე, ჩემი საყვარელი მხარე გადაქცეულია გაუგებარ რაღაცად. ამიტომაც, აქ ყოველთვის ჩამოვდივარ მოწიწებითა და რიდით, იმ მოლოდინით, რომ აქ ძალიან კარგი კეთილი, პატიოსანი ხალხია, ისეთივე როგორც ბელარუსში“, – აღნიშნა ალექსანდრე ლუკაშენკომ.

გიორგი მარგველაშვილმა და ალექსანდრე ლუკაშენკომ პირისპირ მოლაპარაკებების დროს მშვიდობისა და უსაფრთხოების პრობლემატიკა განიხილეს და ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მწვავე ვითარებაზე, მავთულხლართებისა და ხელოვნური ბარიერების აღმართვის დაუშვებლობაზე ისაუბრეს.

საქართველოს პრეზიდენტმა განსაკუთრებული შეშფოთება გამოხატა ცხინვალის ოკუპირებულ ტერიტორიაზე  საქართველოს მოქალაქის, ყოფილი სამხედროს არჩილ ტატუნაშვილის დაღუპვის გამო. ალექსანდრე ლუკაშენკოსთან საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებსა და მიმდებარე ტერიტორიებზე მშვიდობიანი მოსახლეობის უფლებების სისტემატიური დარღვევის ფაქტების განხილვისას გიორგი მარგველაშვილმა არსებული ჰუმანიტარული პრობლემების შესახებაც ისაუბრა.

ალექსანდრე ლუკაშენკო საქართველოში მეორედ იმყოფება, პირველად 2015 წელს ჩამოვიდა პრეზიდენტ მარგველაშვილის მოწვევით. ბელორუსიის პრეზიდენტის ოფიციალური ვიზიტი საქართველოში 22-24 აპრილს გაიმართა.

მასალების გადაბეჭდვის წესი