ჩხოროწყუ ნარკოდამოკიდებულთათვის შინაური ცხოველის ყოლის ამკრძალავ დადგენილებას შეცვლის

ჩხოროწყუს საკრებულო დადგენილებას, რომელიც ნარკოლოგიურ დაწესებულებაში აღრიცხვაზე მყოფ პირებს შინაური ცხოველის ყოლას უკრძალავს, შეცვლის – ამის შესახებ “ნეტგაზეთს” ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარემ, ბესიკ ესაბუამ განუცხადა. დადგენილებაში მსგავსი დებულების არსებობაზე ინფორმაცია თავდაპირველად “რეგინფომ” გაავრცელა.

ჩხოროწყუს საკრებულოს მიერ 2017 წლის დეკემბერსი მიღებულ დადგენილებაში წერია, რომ  მეპატრონედ გახდომის უფლება არ აქვთ 18 წლამდე ასაკის პირებს, მათი მშობლების ან მეურვის წერილობითი თანხმობის გარეშე,  ქმედუუნაროდ აღიარებულ პირებს და მათ, ვინც  ნარკოლოგიურ დაწესებულებებში აღრიცხვაზე იმყოფებიან.

ჩხოროწყუს საკრებულოს თავმჯდომარემ ნეტგაზეთს განუცხადა, რომ აღნიშნული დებულება პეტიციის საფუძველზე მიიღეს და ხარვეზები გაეპარათ, რომლებსაც საკრებულოს უახლოეს სხდომაზე გამოასწორებენ:

“ეს არის ხარვეზი. ეს ინიციატივა სამართლებრივ რეგულაციაზე შემოვიდა პეტიციის ფორმით. ეს იყო პერიოდი, როდესაც ძველი მოწვევის საკრებულო თავისი კომისიებით ფაქტობრივად არ ფუნქციონირებდა და ახალი მოწვევის საკრებულოს მუმდივმოქმედი კომისიები ჯერ კიდევ არ იყო ფორმირებული. აქედან გამომდინარე, გაიპარა ეს ხარვეზი, რომელსაც ახლა გამოვასწორებთ” – ამბობს ბესიკ ესაბუა.

ესაბუას თქმით, ორშაბათს, 26 მარტს საკრებულოს ბიუროს სხდომაა დანიშნული, რომელზეც ეს საკითხი დაფიქსირდება და აპრილის პირველ კვირაში ოსაკრებულო ცვლილებებს განიხილავს და მხარდაჭერის შემთხვევაში დაამტკიცებს.

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ავტორი
მარიამ ბოგვერაძე არის "ნეტგაზეთის" რეპორტიორი 2016 წლიდან.