ამ ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო საკუთარ ვებგვერდეზე ავრცელებს.
2013 წლის 10 ოქტომბერს სურსათის ეროვნული სააგენტოს უფროსი ზურაბ ჩეკურაშვილი რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული კონტროლის ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელს სერგეი დანკვერტს შეხვდა.

„როსსელხოზნადზორის” ხელმძღვანელმა მიიღო გადაწყვეტილება, 7-წლიანი პაუზის შემდეგ განახლდეს საქართველოდან მცენარეული წარმოშობის პროდუქციის – თხილის, ციტრუსების, ყურძნის, ვაშლის, მსხლის, კომშის რუსეთში გატანა.
“სწორედ ამ ვიზიტის შემდეგ გახდა შესაძლებელი ქართული პროდუქციის რუსულ ბაზარზე დაბრუნება” – აღნიშნულია რუსეთის ვეტერინარული და ფიტოსანიტარიული კონტროლის ფედერალური სამსახურის ხელმძღვანელის სერგეი დანკვერტის წერილში.
“ამ გადაწყვეტილებას წინ უძღოდა ხანგრძლივი მოლაპარაკებების პროცესი. მიმდინარე წლის მაისში მოსკოვში გამართულ მოლაპარაკებათა მეორე რაუნდზე გადაწყდა “როსსელხოზნადზორის” წარმომადგენელთა საქართველოში ვიზიტი, რომელიც 15-21 აგვისტოს შედგა. რუსი სპეციალისტები ფიტოსანიტარიული სერტიფიცირების სისტემას გაეცნენ; გაიმართა სამუშაო შეხვედრები საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროში; საქართველოს სხვადასხვა რეგიონში დაათვალიერეს ხილის, ციტრუსისა და თხილის პირველადი გადამუშავების, დახარისხებისა და შესანახი საწარმოები, სასათბურე მეურნეობები; გაეცნენ საექსპორტო პარტიების ფორმირების და ფიტოსანიტარიული სერტიფიცირების პროცესის ტექნიკურ დეტალებს” – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
2013 წლის 28 ივნისიდან რუსეთში უკვე დაშვებულია საქართველოდან დაბალი რისკის შემცველი პროდუქციის- ჩაის, დაფნას და ჩირის ექსპორტი.







