“იმ მოსწავლეების რაოდენობა, რომლებმაც ბარიერი ვერ გადალახა, მისაღებია. მე პირადად მგონია, რომ ფიზიკა ისეთი საგანია, რომელიც პრობლემური იყო ყოველთვის და დღესაც პრობლემურად რჩება. თუმცა ეს შედეგები ტრაგედია არ უნდა იყოს მოსწავლეებისთვის. მოგეხსენებათ, ამ გამოცდების ჩაბარება გაზაფხულზეც შეუძლიათ,”- აცხადებს გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი, მაია მიმინოშვილი.
მისივე თქმით, წინა წლებშიც დაახლოებით ასეთი შედეგები დაფიქსირდა. მიმინოშვილი ამბობს, რომ სწორად არ მიაჩნია, წლევანდელი შედეგები წინა წლების შედეგებთან იყოს შედარებული.
“2011 წელს ამ გამოცდებს დიდი დატვირთვა მიეცა სამინისტროს მიერ. პილოტირების წელიწადი იყო და ბარიერი 5 საგანში 5.5 იყო, 3 საგანში- 5.2. წელს ყველა საგანში 5.5-ია.”
14-15 ოქტომბერს მოსწავლეები გამოცდებს ბიოლოგიისა და ქიმიის საგნებში ჩააბარებენ. დანარჩენ ოთხ გამოცდას კი (ქართული ენა და ლიტერატურა, უცხოური ენა, მათემატიკა, ისტორია) – სასწავლო წლის ბოლოს.
ამასთან, მოსწავლეებს, რომლებიც შემოდგომაზე ვერ შეძლებენ ბარიერის გადალახვას ამა თუ იმ საგანში, განმეორებით მიეცემათ შესაბამისი გამოცდის ჩაბარების შესაძლებლობა.