“თბილისის აეროპორტის ასაფრენ-დასაფრენი ზოლი ექსპლუატაციაში 1995 წელს შევიდა, თუმცა, დღეის მდგომარეობით, არის უსაფრთხო და შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებს. რამოდენიმე დღის წინ, სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ, რომელსაც უშაუალოდ ევალება ასაფრენ-დასაფრენი ბილიკის მონიტორინგი, სპეციალური განცხადება გაავრცელა, სადაც აღნიშნავს, რომ თბილისის საერთაშორისო აეროპორტის ასაფრენი ბილიკი სრულიად უსაფრთხოა და ყველა სტანდარტს შეესაბამება. ის, რომ 1995 წელს აშენებული ასაფრენი ზოლი 30-მდე ავიაკომპანიის ლაინერს უსაფრთხოდ ღებულობს, “ტავ ჯორჯიას” ყოველდღიური მუშაობის შედეგია. ასაფრენ ზოლს ზაფხულის სეზონზე (მარტი-ოქტომბერი) კვირაში ხუთი დღის განმავლობაში სარემონტო სამუშაოები უტარდება,” – აცხადებენ “ტავ ჯორჯიაში”.

თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ფრენების უსაფრთხოების არადამაკმაყოფილებელ მდგომარეობასთან დაკავშირებით ინფორმაციას მცდარს უწოდებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში:
“სააგენტო მუდმივად აწარმოებს საქართველოს აეროპორტების და მათ შორის თბილისის საერთაშორისო აეროპორტის უწყვეტ ზედამხედველობას და ნაკლოვანების აღმოჩენის შემთხვევაში იღებს ადეკვატურ ზომებს, რისი შედეგიც არის უკანასკნელი თვეების განმავლობაში აეროპორტის ოპერატორის, „ტავ ურბან საქართველოს“ მიერ ასაფრენ-დასაფრენი ზოლის და ბაქნის დაზიანებული მონაკვეთების ინტენსიური მიმდინარე სარემონტო სამუშაოები. ამასთან, სააგენტოს გადაწყვეტილებით, აეროდრომის რიგ დაზიანებულ მონაკვეთებზე დაწესდა შეზღუდვები და აკრძალვები. ამჟამად აეროდრომზე მიმდინარეობს გეგმიური სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელიც შეთანხმებულია სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსთან და ხორციელდება სააგენტოს სპეციალისტების მუდმივი მონიტორინგის ქვეშ,” – აცხადებენ სამოქალაქო ავიაციის სააგენტოში.

სააგანტოში მიაჩნიათ, რომ ფრენების ინტენსივობის ზრდის გათვალისწინებით დღის წესრიგში დგას ახალი ასაფრენი ზოლის მშენებლობის საკითხი. თუმცა, დღეის მდგომარეობით, აეროდრომის მოქმედი ასაფრენ-დასაფრენი ზოლის ექსპლუატაცია არის უსაფრთხო და ხორციელდება საერთაშორისო სტანდარტების ფარგლებში, რაც, შესაბამისად, არ საჭიროებს დახურვას ან დამატებითი შეზღუდვების დაწესებას საჰაერო ხომალდების წონის გათვალისწინებით.

“ნეტგაზეთის” კითხვაზე, ააშენებს თუ არა “ტავ ჯორჯია” ახალ ასაფრენ ზოლს, კომპანიაში პასუხობენ, რომ ახალი ასაფრენი ბილიკი თბილისის საერთაშორისო აეროპორტში აუცილებლად უნდა აშენდეს: ” როგორც უკვე მოგახსენეთ, ტავ ჯორჯიას და ეკონომიკის სამინისტროს შორის მოლაპარაკებები გრძელდება. ყველა დეტალი მოლაპარაკების დასრულების შემდეგ გახდება ცნობილი.”

კითხვაზე – რა ეტეპზეა საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და “ტავ ჯორჯიას” შორის მოლაპარაკებები ახალი ხელშეკრულების შესახებ, კომპანიაში იმედოვნებენ, რომ ახალ ხელშეკრულებაზე მოლაპარაკებები მალე დასრულდება და საზოგადოებისთვის ყველა საინტერესო კითხვას პასუხი გაეცემა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კომპანია “ტავ ჯორჯიამ” ახალი ასაფრენი ზოლის მშენებლობა 2012 წლის სექტემბერში დაიწყო, რისთვისაც 64 მილიონის ინვესტირება იყო დაგეგმილი. ამ ინვესტიციის სანაცვლოდ, “ტავ ჯორჯიას” თბილისის აეროპორტის მართვის უფლება 2037 წლის ნოემბრამდე გაუხანგრძლივდა. ხელშეკრულება მართვის უფლების 10 წლითა და 9 თვით გაგრძელებასთან დაკავშირებით “ტავ ჯორჯიასა” და სახელმწიფოს მფლობელობაში მყოფ “საქართველოს აეროპორტების გაერთიანებას” შორის გაფორმდა.
საქართველოში ხელისუფლების ცვლილების შემდეგ თბილისის აეროპორტში ასაფრენი ბილიკის მშენებლობა შეჩერდა და დღემდე გაჩერებულია.
თურქული „ტავ და ურბანი“, რომელიც “ტავ ჯორჯიას” დამფუძნებელი კომპანიაა, თბილისის საერთაშორისო აეროპორტში 15–წლიანი მართვის უფლებით 2005 წელს შევიდა. თბილისის ახალი აეროპორტის აშენებაზე კომპანიამ 62 მილიონი აშშ დოლარი დახარჯა. 2007 წელს ახალი აეროპორტი გაიხსნა. თურქულმა კომპანიამ 15 მლნ აშშ დოლარის ინვესტიცია ბათუმის აეროპორტის რეკონსტრუქციისთვის გაიღო. როგორც ამ დრომდეა ცნობილი, „ტავ და ურბანმა“ საქართველოში სულ 95 მლნ დოლარის ოდენობის ინვესტიცია უნდა განახორციელოს.







