ახალი ამბებისამართალი

გასულ წელს საქართველოში გვარი 8 339-მა ადამიანმა შეიცვალა

20 მარტი, 2018 •
გასულ წელს საქართველოში  გვარი 8 339-მა ადამიანმა შეიცვალა

გასულ წელს საქართველოში გვარი 8339-მა ადამიანმა შეიცვალა – ამის შესახებ საუბარია „სამოქალაქო აქტების შესახებ“ კანონპროექტის განმარტებით ბარათში, რომელიც იუსტიციის სამინისტრომ პარლამენტს წარუდგინა.

განმარტებით ბარათში წარმოდგენილი არის 2016 და 2017 წლის სტატისტიკა.

კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, 2016 წელს პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის გვარი მიიღო 1678-მა კაცმა და 5497-მა ქალმა, ამავე წელს მეუღლის გვარი მიიღო 398-მა კაცმა და 464-მა ქალმა.

2017 წელს პირდაპირი აღმავალი შტოს ნათესავის გვარი მიიღო 1977-მა კაცმა და 5467-მა ქალმა, ხოლო მეუღლის გვარი – 418-მა კაცმა და 477-მა ქალმა.

ასევე, კანონპროექტის ავტორების განცხადებით, დაფიქსირდა შემთხვევები, როდესაც ერთი და იმავე ადამიანმა სახელი ან გვარი რამდენჯერმე შეიცვალა.

“2016 წელს 58-მა პირმა სახელი ან/და გვარი შეიცვალა ორჯერ, ხოლო ერთმა პირმა 3-ჯერ. 2017 წელს 59-მა პირმა შეიცვალა სახელი ან/და გვარი ორჯერ, ხოლო 1 პირმა – 4-ჯერ” – აცხადებენ კანონპროექტის ავტორები.

წარმოდგენილი კანონპროექტის მიზანი საქართველოს მოქალაქეების მიერ ევროკავშირთან უვიზო რეჟიმის შესაძლო დარღვევის პრევენციაა. კერძოდ, სამინისტროს განცხადებით, არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები ერთი გვარით ჩადიან დანაშაულს  ევროკავშირის ტერიტორიაზე, შემდეგ ბრუნდებიან საქართველოში, იცვლიან გვარს და ახალი ვინაობით მიემგზავრებიან კვლავ შენგენის ზონაში. მთავრობა აცხადებს, რომ ეს არის გვარის შეცვლის რეგულაციების გამკაცრების მიზეზი.

20 მარტს კომიტეტის სხდომაზე კანონპროექტის მომხსენებელს, მიხეილ სარჯველაძეს დაუსვეს შეკითხვა, თუ რატომ გახდა საჭირო ეს ცვლილება, რადგან სახელისა და გვარის შეცვლის მიუხედავად, არ იცვლება ადამიანის პირადი ნომერი. მომხსენებლის განმარტებით, ცვლილება საჭიროა, ვინაიდან ევროკავშრის ზოგიერთი ქვეყნის ზოგიერთი უწყება პირადი ნომრით ადამიანის იდენტიფიკაციას არ ახდენს.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი