აღნიშნული ბრძანება 2013 წლის 7 ოქტომბრიდან შევიდა ძალაში.
“ნეტგაზეთთან” საუბარში “საქაერონავიგაციის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ირმა ხითარიშვილმა განმარტა, რომ ნებისმიერ ორგანიზაციაში ასე ხდება: როდესაც ორგანიზაციის სახელით აკეთებს თანამშრომელი განცხადებას, ის უნდა იყოს შეთანხმებული ხელმძღვანელობასთან.

“ეს შიდა ბრძანება არავის არ უზღუდავს პირადი აზრის გამოხატვას და დაფიქსირებას. საუბარია იმაზე, რომ რიგითმა თანამშრომელმა კომპანიის სახელით მხოლოდ ხელმძღვანელობასთან შეთანხმებით უნდა ისაუბროს. თანამშრომლებმა ზუსტად იციან, რას ეხება ეს ბრძანება, გაუგებრობა იყო მხოლოდ ერთ–ორ თანამშრომელში, რომლებმაც ვერ გაიგეს, როგორც ჩანს, ზუსტად, მაგრამ მთლიანობაში ყველა თანამშრომელმა გაიგო, რას ემსახურება ეს შიდა ბრძანება.”
ირმა ხითარიშვილი განმარტავს, რომ ასეთი შეზღუდვა არ ეხება ტოპ-მენეჯმენტს, რომელიც კომპანიის სახელით აკეთებს განცხადებას.
კითხვაზე – რამე წინაპირობა უძღოდა ამ გადაწყვეტილებას? რომელიმე თანამშრომელმა გააკეთა რაიმე კომპანიის საზიანო განცხადება და ამას მოჰყვა ეს შიდა ბრძანება? “ნეტგაზეთს” “საქაერონავიგაციის” საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერმა ასე უპასუხა:
“ეს შიდა საქმეა და ასე დავტოვოთ, ყველა თანამშრომელმა ზუსტად იცის, რატომ გაკეთდა ეს. კომპანიის სახელით განცხადება უნდა იყოს შეთანხმებული კომპანიის ხელმძღვანელობასთან, რადგანაც ეს ბრძანება არის ნებისმიერი თანამშრომლის ინტერესის დაცვის მექანიზმი”.







