ახალი ამბები

ნიკა გვარამიას მოწოდება ხელისუფლებისადმი

19 მარტი, 2018 • 2312
ნიკა გვარამიას მოწოდება ხელისუფლებისადმი

ტელეკომპანია რუსთავი ორის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია საქართველოს ხელისუფლებას მიმართავს და ტელეკომპანიის შენობასთან მომხდარი ინციდენტის მონაწილე  “ქართული მარშის” წევრების სისხლის სამართლებრივი წესით დასჯას ითხოვს:

“რუსთავი ორის შენობასთან ადგილი ჰქონდა სისხლის სამართლის დანაშაულს, რომელიც ორგანიზებული იყო ე.წ. ქართული მარშის მიერ, რომელიც არ წარმოადგენს არც ქრისტიანულ ძალას და არც საქართველოს ინტერესების დამცველ ძალას. ეს არის მოძალადე, რუსული ორიენტაციის და იქიდანვე დაფინანსებული ძალა, რომელიც პერიოდულად და სისტემატურად ჩადის სისხლის სამართლის დანაშაულებს და დღეს მან ჩაიდინა მორიგი სისხლის სამართლის დანაშული, ფიზიკური ზეწოლა მოახდინა ჩვენს ჟურნალისტებზე. რამდენიმე მათგანი არის დაშავებული და ერთი არის ჰოსპიტალიზებული. პრაქტიკულად თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთა ჟურნალისტ გიორგი გაბუნიას და არხის იურისტს, თამთა მურადაშვილს, როცა ისინი ფაქტობრივად დატყვევებული ჰყავდათ მანქანაში და არ აძლევდნენ შესაძლებლობას გაეგრძელებინათ გადაადგილება” – ამბობს გვარამია.

მომხდარს ტელეკომპანიის გენერალური დირექტორი თავისუფლების უკანონო აღკვეთად აფასებს, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია:

“რომ არა ჩვენი დაცვის სამსახურის ძალისხმევა, შეიძლება ძალიან მძიმე შედეგებამდე მივსულიყავით. ჩვენი შეფასებით, ადგილი ჰქონდა თავისუფლების უკანონო აღკვეთას, რაც წარმოადგენს მძიმე დანაშაულს და მოვითხოვთ ხელისუფლებისგან ამ დანაშაულში მონაწილე ცალკეული პირების და ასევე ორგანიზატორების მკაცრად, სისხლის სამართლებრივი წესით დასჯას.  ხაზს ვუსვამთ, სისხლის სამართლებრივი წესით მათი მთელი სიმკაცრით დასჯას. იმგვარად, რომ ისინი იყვნენ იზოლირებულნი საზოგადოებისგან, რათა ვერ შეძლონ შუღლის გაღვივება, ფიზიკური ზემოქმედება, შეურაცხყოფის მიყენება, დაშინება და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლა” – ამბობს გვარამია.

ტელეკომპანიის გენერალური დირექტორის თქმით, თუ დამნაშავეები სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში არ მიეცემიან, ტელეკომპანია უფლებას იტოვებს ჩათვალოს, რომ ეს ძალა საქართველოს ხელისუფლების მიერაა მართული:

“ხელისუფლებას ვაფრთხილებ, რუსთავი 2-ის რომელიმე თანამშრომელზე ნებისმიერი ზემოქმედების პასუხისმგებლობა მთლიანად ეკისრება საქართველოს ხელისუფლებას. დღეიდან მათ მართებთ, უფრო სერიოზულად მიუდგნენ საკითხს და ჩვენც და საზოგადოებასაც დაუდასტურონ, რომ ხელისუფლებისგან არ არიან ეს ადამიანები მართულნი. თუ ისინი სისხლის სამართლებრივ პასუხისგებაში არ მიეცემიან და არ მოხდა მათი იზოლაცია საზოგადოებიდან, ჩვენ უფლებას ვიტოვებთ ჩავთვალოთ, რომ ეს ძალა მართულია საქართველოს ხელისუფლებიდან.

რუსთავი ორი მიმართავს საერთაშორისო თანამეგობრობას, საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატებს, პოლიტიკურ ძალებს, არასამთავრობო ორგანიზაციებს და ხალხს – ჩვენი ტელეკომპანია დგას ანგარიშსწორების რისკის წინაშე რუსეთიდან დაფინანსებული ძალების მხრიდან. მოგიწოდებთ, გააკეთოთ ყველაფერი, რაც თქვენს ძალებშია, რათა დაცული იყოს ჩვენი უსაფრთხოება და ჟურნალისტური საქმიანობა”  – ამბობს არხის გენერალური დირექტორი.

“ქართულმა მარშმა” ტელეკომპანია “რუსთავი 2”-თან საპროტესტო აქცია გამართა. აქციის მონაწილეები გიორგი გაბუნიას მიერ გუშინ ტელეარხის ეთერში გასულ ხუმრობას აპროტესტებენ. ჟურნალისტმა აჭარაში ხეების მოჭრის ფაქტზე საუბრისას აღნიშნა: “მე ვფიქრობ, რომ იესო ქრისტემ საშინელი შეცდომა დაუშვა, როდესაც 2000 წლის წინ ისრაელში მოვიდა. უნდა მოსულიყო აჭარაში და ჯვარზე ვეღარ გააკრავდნენ იმიტომ, რომ ხე აღარ იქნებოდა დარჩენილი, რადგან ბიძინამ ყველა ხე თავის ეზოში გადარგო”.

ტელეკომპანია „რუსთავი-2“-თან მომხდარი ძალადობის დროს პოლიციამ 6 პირი დააკავა. ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე და 173-ე მუხლებით დაკავებული არიან საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მარშის“ აქტივისტები. პარალელურად გამოძიება დაიწყოს სისხლის სამართლის კოდექსის მიხედვითაც.

თბილისში, სანდრო ეულის ქუჩაზე, ტელეკომპანიის შენობის წინ, საზოგადოებრივი მოძრაობა „ქართული მარშის“ აქტივისტები შეიკრიბნენ და ტელევიზიის ეთერში გასულ გადაცემასთან დაკავშირებით პროტესტს გამოხატავდნენ. “ქართული მარშის” წევრებმა ალყა შემოარტყეს ავტომობილს, რომელშიც გიორგი გაბუნია (რ2-ის წამყვანი) და თამთა მურადაშვილი (იურისტი) იმყოფებოდნენ.

რუსთავი 2-ის ინფორმაციით, “ქართული მარშის” წარმომადგენლებმა  დააზიანეს ავტომობილი, რომელშიც ჟურნალისტი გიორგი გაბუნია და ტელეარხის იურისტი თამთა მურადაშვილი იმყოფებოდნენ.

“გარდა ამისა, თავდასხმა მოხდა „კურიერის“ ჟურნალისტზე, დავით ერაძეზე. ადგილზე იმყოფება სასწრაფო დახმარების სამსახურიც, რომელმაც დაშავებულს პირველადი დახმარება აღმოუჩინა. მას სხვადასხვა სახის დაზიანებები აქვს მიღებული,” – ნათქვამია განცხადებაში.

არხის დირექტორის, ნიკა გვარამიას ცნობით, ამჟამად ერაძე ჰოსპიტალიზებულია.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტზე გამოძიება სსკ-ს 126-ე მუხლით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს. ინციდენტის დროს დაზიანდა ტელეკომპანიის ერთ-ერთი თანამშრომლის კუთვნილი ავტომანქანა, რაზეც გამოძიება სხვისი ნივთის ან ქონების დაზიანების ფაქტზე, სსკ-ს 187-ე მუხლით დაიწყო.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი