ახალი ამბები

ნუკრი ქანთარია: ბიუჯეტი არ გვაძლევს აღფრთოვანების საშუალებას

9 ოქტომბერი, 2013 • • 1031
ნუკრი ქანთარია: ბიუჯეტი არ გვაძლევს აღფრთოვანების საშუალებას

საპარლამენტო უმცირესობის წევრი სერგო რატიანი ამბობს, რომ გასული წლის ბიუჯეტში სტუდენტების გრანტებისთვის გამოყოფილი 5 მილიონი ლარი ამ მიმართულებით არ დაიხარჯა:

 

„გაირკვა სკანდალური და უბრალოდ შემაშფოთებელი ინფორმაცია, რომ განათლების სამინისტრომ, მარგველაშვილმა სტუდენტების დასაფინანსებლად განკუთვნილი 5 მილიონი არ დახარჯა ამ მიმართულებით, დააკლო სტუდენტებს, შესაძლებელი იყო 4 ათას სტუდენტზე მეტი დაფინანსებულიყო.“

 

რაც შეეხება 2014 წლის ბიუჯეტს, რატიანი მიიჩნევს, რომ განათლების სამინისტროსთვის გაწერილ ბიუჯეტში ბევრი პრობლემაა:

 

„უნივერსიტეტებს აკლდებათ დაახლოებით 10 მილიონი ლარი, ხოლო 9 მილიონი აკლდება სამეცნიერო-კვლევით გრანტებს. პრობლემები უამრავი არის და ეს პრობლემები უნდა გაითვალისწინოს არა მარტო ოპოზიციამ, არამედ უმრავლესობამაც.”

 

განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე ნუკრი ქანთარია ამბობს, რომ ბიუჯეტი აღფრთოვანების საშუალებას არ იძლევა. მისივე განმარტებით, მეცნიერებას მეტი თნხა სჭირდება განვითარებისთვის:

 

„ეს არის პატიოსანი ბიუჯეტი და ამ ბიუჯეტში არ არის ერთი თეთრიც კი ძალიან წართმეული შემოსავლებიდან და ვიცით, როგორი ხერხებითაც ხდებოდა ხოლმე. რა თქმა უნდა, ეს ბიუჯეტი აღფრთოვანების საშუალებას ჯერ-ჯერობით არ გვაძლევს და არც გვექნება ამ ეტაპზე, მაგრამ პატიოსანი ბიუჯეტია, პრიორიტეტები სწორად არის განაწილებული. განათლებას ემატება თანხა, მაგრამ მეცნიერებისთვის ვფიქრობთ, რომ მეტი თანხაა საჭირო. პრიორიტეტი უნდა იყოს კულტურაც, მეტი საამაყო არაფერი გვაქვს.“

 

ქანთარია აქცენტს უმაღლეს სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებებზე აკეთებს და ამბობს, რომ თეატრისა და კინოს სასწავლებლის დაფინანსება ცოტაა:

 

„განსაკუთრებით უმაღლეს სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებებზე მაქვს აქცენტი. სამი ასეთი სასწავლებელი გვაქვს, ესაა კონსერვატორია, სამხატვრო აკადემია და თეატრის და კინოს უნივერსიტეტი. თეატრის და კინოს უნივერსიტეტი, მეჩვენება, ძალიან დაჩაგრულია ამ მხრივ. აქ არის ორი პროფესია, კინო და თეატრი ერთად და მე მგონი, ჩვენს შენიშვნებს გაითვალისწინებენ და დაფინანსებას გაუზრდიან, ამას დაგვპირდნენ“.

 

ქანთარია იმედს გამოთქვამს, რომ განხილვის შემდეგ ეტაპზე მთავრობა უფრო დაწვრილებით გაწერილ და მაქსიმალურად სამართლიანად გადანაწილებულ ბიუჯეტს წარმოადგენს.

მასალების გადაბეჭდვის წესი