ახალი ამბები

რუსეთი დიდი ბრიტანეთის 23 დიპლომატს ქვეყნიდან გააძევებს

17 მარტი, 2018 • 1852
რუსეთი დიდი ბრიტანეთის 23 დიპლომატს ქვეყნიდან გააძევებს

რუსეთი დიდი ბრიტანეთის 23 დიპლომატს ქვეყნიდან გააძევებს. რუსეთის ფედერაციის ეს გადაწყვეტილება ყოფილი რუსი ჯაშუშისა და მისი შვილის მოწამვლის ფაქტს უკავშირდება, რის საპასუხოდაც ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა 14 მარტს 23 რუსი დიპლომატის გაძევების შესახებ განაცხადა. BBC რუსეთის საგარეო საქმეთა სამინოსტროზე დაყრდნობით წერს, რომ ბრიტანელ დიპლომატებს მომდევნო კვირაში გააძევებენ.

მამა-შვილი სკრიპალები 4 მარტს ბრიტანეთის ქალაქ სოლსბურიში, ქუჩაში უგონო მდგომარეობაში მყოფი იპოვეს. ექსპერტიზის მიხედვით, მამა-შვილი რუსული წარმოების ტოქსიკური ნივთიერებით მოწამლეს. რუსეთი მომხდართან კავშირს უარყოფს და დიდ ბრიტანეთთან გამოძიების ფარგლებში თანამშრომლობაზე უარს აცხადებს.

სერგეი სკრიპალი რუსეთში 2006 წელს გაასამართლეს ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის, MI6-ის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით და 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა 2010 წელს, აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან (FBI) მოლაპარაკების შედეგად, ჯაშუშობისთვის გასამართლებულ სამ სხვა პირთან ერთად გაათავისუფლეს. მაშინ FBI-მ რუსეთის 10 ჯაშუში გაათავისუფლა პატიმრობიდან. სკრიპალმა რუსეთი გათავისუფლებისთანავე დატოვა და მას შემდეგ დიდ ბრიტანეთში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.

მასალების გადაბეჭდვის წესი