ახალი ამბები

ნიკა გვარამია, დეკანოზ მამალაძის შემდეგ, ილია მეორეს შეხვდა

16 მარტი, 2018 • 2856
ნიკა გვარამია, დეკანოზ მამალაძის შემდეგ, ილია მეორეს შეხვდა

ტელეკომპანია “რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი ნიკა გვარამია ილია მეორეს შეხვდა. რამდენიმე დღის წინ გვარამია, ადვოკატის სტატუსით, დეკანოზ გიორგი მამალაძესაც შეხვდა. როგორც რუსთავი 2-ის გენერალურმა დირექტორმა “ნეტგაზეთს” უთხრა,  ილია მეორეს, სხვა საკითხებთან ერთად, დეკანოზ მამალაძეზეც ესაუბრა.

შეხვედრის დეტალებზე საუბრისგან ნიკა გვარამია თავს იკავებს.

შეგახსენებთ, 13 მარტს ნიკა გვარამია დეკანოზ გიორგი მამალაძეს ე.წ. მატროსოვის ციხეში შეხვდა. “ნეტგაზეთი” დაუკავშირდა ნიკა გვარამიას, რომელმაც აღნიშნა: მიუხედავად იმისა, რომ ამ ეტაპზე გიორგი მამალაძის ადვოკატი არ არის, საჭიროების შემთხვევაში, მზადაა დეკანოზს სამართლებრივად დაეხმაროს.

“ამ ეტაპზე ადვოკატი მას [დეკანოზ გიორგი მამალაძეს] არ სჭირდება იმიტომ, რომ უზენაეს სასამართლოში საკასაციო საჩივარი უკვე შეტანილია, თუ დაუშვებს უზენაესი სასამართლო, რისი იმედიც მე არ მაქვს, შემდეგ ვნახოთ. სტრასბურგის სასამართლოს მიმართულებით, ცხადია, რომ დავეხმარები და არა მხოლოდ ამ მიმართულებით. მე ყველაფერს გავაკეთებ, რომ ეს ადამიანი გათავისუფლდეს,” – განუცხადა “ნეტგაზეთს” ნიკა გვარამიამ.

გარდა ამისა, ნიკა გვარამიას თქმით, არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ  სტრასბურგში მამალაძეს ადვოკატის სტატუსით დაეხმაროს.

“ციანიდის საქმეზე” ბრალდებული დეკანოზი გიორგი მამალაძე 13 თებერვალს სააპელაციო სასამართლომაც  დამნაშავედ ცნო და პატიმრობაში დატოვა.

მოსამართლეთა პალატამ- ნათია ბარბაქაძის, მურმან ისაევის და მანუჩარ კაპანაძის შემადგენლობით- ძალაში დატოვეს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება.

გიორგი მამალაძის ადვოკატი, მიხეილ რამიშვილი ამბობს, რომ “ციანიდის საქმეზე” სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრებენ და თუ საკასაციო საჩივარიც არ დაკმაყოფილდა, სტრასბურგს მიმართავენ.

მასალების გადაბეჭდვის წესი