ახალი ამბები

ეკონომიკის სამინისტრო საბაგიროს მწარმოებელ „დოპელმაიერს” ექსპერტების გამოგზავნას სთხოვს

16 მარტი, 2018 •
ეკონომიკის სამინისტრო საბაგიროს მწარმოებელ „დოპელმაიერს” ექსპერტების გამოგზავნას სთხოვს

ეკონომიკის სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანია გუდაურში საბაგიროზე დაშავებულების მკურნალობის ხარჯებს დაფარავს. სამინისტროს ინფორმაციით, სამინისტროს მთის კურორტების განვითარების კომპანია უკვე დაუკავშირდა საბაგიროს მწარმოებელ კომპანია „დოპელმაიერს“, რათა მყისიერი რეაგირება მოხდეს ფაქტზე და გამომწვევი მიზეზების დასადგენად ექსპერტები გამოაგზავნონ.

“ადგილზე დაუყოვნებლივ მივიდნენ შინაგან საქმეთა სამინისტროს მოთხილამურე პატრულები, ადგილზე მუშაობს სამი სასწრაფოს ბრიგადა, რომლებსაც დაშავებულები გადაჰყავთ ჯერ გუდაურის ამბულატორიაში, ხოლო საჭიროებიდან გამომდინარე მათი ჰოსპიტალიზაცია რეანომობილებით იქნება უზრუნველყოფილი,”-წერია ეკონიმიკის სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

გუდაურში საბაგიროს მწყობრიდან გამოსვლის შედეგად 10-მდე ადამიანი დაშავდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება საქართველოს სსკ-ს 275-ე მუხლით დაიწყო, რაც რკინიგზის, წყლის, საჰაერო ან საბაგირო ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს”.

მასალების გადაბეჭდვის წესი