ახალი ამბები

ლევან დავითაშვილი: “ხვანჭკარას” ჯიშური სიწმინდის დასაცავად ამბროლაურთან დადგება პატრული

7 ოქტომბერი, 2013 • • 4177
ლევან დავითაშვილი: “ხვანჭკარას” ჯიშური სიწმინდის დასაცავად ამბროლაურთან დადგება პატრული

ღვინის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან დავითაშვილი “ნეტგაზეთთან” საუბარში ამბობს, რომ შს სამინისტროს წარმომადგენელების მიერ ხვანჭკარას ზონაში რთველის გაკონტროლება მოსახლეობამ მოითხოვა:  

 

“ამბროლაურის მოსახლეობამ გვთხოვა. ჩვენ მათთან გვქონდა შეხვედრა. დიდი ინტერესია, რომ შენარჩუნდეს ჯიშური სისუფთავე, სიწმინდე. ხვანჭკარა ცნობილი ჯიშია. ჩვენი მიზანია მართლა მოხდეს ხვანჭკარის წარმოება და არ მოხდეს სხვა რეგიონების ყურძნების შერევა. შესაბამისად, ჩვენ ვთხოვეთ სამართალდამცავ სტრუქტურებს. ჩვენ მათთან ერთად გავაკონტროლებთ, რომ არ მოხდეს ყურძნის შემოტანა. ერთი კვირის განმავლობაში იყოს მორატორიუმი წითელ ყურძენზე და ხელოვნურად არ გაიზარდოს ხვანჭკარას სანედლეულო ბაზა.”

 

ლევან დავითაშვილი ამბობს, რომ ღვინის ეროვნული სააგენტო მაქსიმალურად მკაცრად გააკონტროლებს წელს ხვანჭკარის რთველს: “რათა საუბარი ერთხელ და სამუდამოდ იმაზე, არსებობს თუ არა სუფთა ხვანჭკარა, დასრულდეს. ყველა ხვანჭკარა, რომელიც ჩამოისხმება ბოთლში, იქნება ნამდვილი. ამ შემთხვევაში დაცული იქნება იმ მევენახეების ინტერესები, ვისაც ყურძენი მოჰყავს ამ ზონაში. ცდუნება დიდია, ხვანჭკარა ღირს 2–3 -ჯერ ძვირი, ვიდრე სხვა ყურძენი. ჩვენ ყველას ვაფრთხილებთ, ასეთი მცდელობებისაგან თავი შეიკავოს. ამბროლაურის შესასვლელთან გვექნება მონიტორინგი. ამბროალურის შესასვლელთან დადგება პატრული. ეს მოხდება მარტივად.  საპატრულო ბრიგადა, რამდენიმე ადამიანი დააკვირდება, თუ შემოდის წითელი ყურძენი. მეორე მხრივ, ღვინის ეროვნული სააგენტოს და სოფლის მეურნეობის თანამშრომლები მკაცრად მოახდენენ თითოეული კილოგრამის ჩაბარების მონიტორინგს. ჩვენ სწრაფად გავაკონტროლებთ, რა ჩაბარდა, რომ დარწმუნებული ვიყოთ, რომ ბოთლში ჩამოისხმევა სუფთა ხვანჭკარა.” 

 

ლევან დავითაშვილი განმარტავს, რომ პროცედურულად არსებობს ადგილწარმოშობის ღვინოების კონტროლის წესი: ” სოფლის მეურნეობის სამინიტროს ნორმატიული აქტი, რომლის ფარგლებშიც ღვინის ეროვნულ სააგენტოს შეუძლია მკაცარდ გააკონტროლოს სანედლეულო “ხვანჭკარას” და სხვა ჯიშების ყურძნის სანედლეულო ბაზა. ამავე დროს, ამბროლაურის ადგილობრივმა ხელისუფლება, სწორედ გამგეობამ მოსახლეობის ინტერესების დაცვიდან გამომდინარე სთხოვა შს სამინისტროს, ჩაერთონ ისინი. თუმცა შს სამინისტროს ჩართულობა რთველის განმავლობაში მთავრობის განკარგულებით არის განსაზღვრული. ეს არ ეხება მხოლოდ “ხვანჭკარას”. შს სამინისტრო ჩართულია რთველში წესრიგის დაცვით. ჩვენ მკაცრად ვაკონტროლებთ “ხვანჭკარის” ზონაში ყურძნის მოძრაობას. შსს ჩართულია, რომ დაიცვას წესრიგი. ეს არ არის სიახლე, აქ არაფერი არ შეცვლილა. კახეთშიც ასევე ჩატარდა რთველი შსს-ს მონაწილეობით. “

  

მასალების გადაბეჭდვის წესი