რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ ბრიტანეთის სანქციების საპასუხოდ უახლოეს მომავალში რუსეთი ქვეყნიდან ბრიტანელ დიპლომატებს გააძევებს. ამის შესახებ ინფორმაცია რუსულ მედიაში ვრცელდება.
რამდენი დიპლომატის გაძევებას გეგმავს რუსეთის ფედერაცია ქვეყნიდან და რა ვადებში მოხდება ეს, – სერგეი ლავროვს არ განუმარტავს. თუმცა რუსეთის ფედერაციის საგარეო საქმეთა მინისტრი ამბობს, რომ პროცესი მალე დაიწყება.
14 მარტს ტერეზა მეიმ ის სანქციები დაასახელა, რომელსაც დიდი ბრიტანეთი რუსეთს დაუწესებს. 23 რუსი დიპლომატის ქვეყნიდან გაძევებისა და მთავრობის მხრიდან მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტირების გარდა, ბრიტანეთი აძლიერებს კონტროლს რუსეთიდან კერძო ფრენებსა და ტვირთებზე.
ტერეზა მეის თქმით, ასევე გაიყინება რუსეთის სახელმწიფოს ყველა აქტივი, რომელთა გამოყენებაც შეიძლება ემუქრებოდეს გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეების სიცოცხლეს ან საკუთრების უფლებას.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ასევე შეჩერდება მაღალი დონის ორმხრივი ურთიერთობა გაერთიანებულ სამეფოსა და რუსეთს შორის.
გუშინ, 13 მარტს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ყოფილი რუსი ჯაშუშისა და მისი შვილის მოწამვლის უკან დიდი ალბათობით რუსეთი იდგა. ტერეზა მეიმ რუსულ მხარეს მოსთხოვა, შუაღამემდე მიეწოდებინათ ინფორმაცია, თუ როგორ მოხდა სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის რუსული წარმოების ტოქსიკური ნივთიერებით მოწამლვა. ეს ინფორმაცია რუსეთმა დიდ ბრიტანეთს აღნიშნულ ვადაში არ მიაწოდა.
რუსეთი დიდი ბრიტანეთის ბრალდებებს უარყოფს. ლავროვმა ტერეზა მეის შეშლილიც უწოდა.
მამა-შვილი სკრიპალები 4 მარტს ბრიტანეთის ქალაქ სოლსბურიში, ქუჩაში უგონო მდგომარეობაში მყოფი იპოვეს. ექსპერტიზის მიხედვით, მამა-შვილი რუსული წარმოების ტოქსიკური ნივთიერებით მოწამლეს.
სერგეი სკრიპალი რუსეთში 2006 წელს გაასამართლეს ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის, MI6-ის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით და 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა 2010 წელს, აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან (FBI) მოლაპარაკების შედეგად, ჯაშუშობისთვის გასამართლებულ სამ სხვა პირთან ერთად გაათავისუფლეს. მაშინ FBI-მ რუსეთის 10 ჯაშუში გაათავისუფლა პატიმრობიდან. სკრიპალმა რუსეთი გათავისუფლებისთანავე დატოვა და მას შემდეგ დიდ ბრიტანეთში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.