ახალი ამბები

დონატელა ვერსაჩე ამბობს, რომ ბეწვს აღარ გამოიყენებს

15 მარტი, 2018 •
დონატელა ვერსაჩე ამბობს, რომ ბეწვს აღარ გამოიყენებს

მოდის სახლი “ვერსაჩე” ბეწვის გამოყენებაზე უარს ამბობს. ბეწვი ვერსაჩეს კოლექციებში ერთ-ერთი მთავარი მასალა იყო და მოდის სახლს ამის გამო ხშირად აკრიტიკებდნენ.

“ბეწვი? მასზე უარს ვამბობ, არ მინდა, რომ მოდისთვის ცხოველები დავხოცო. ეს არასწორია”, – ამბობს ვერსაჩეს კრეატიული დირექტორი დონატელა ვერსაჩე “ეკონომისტი 1843”-თან ინტერვიუში.

ინტერვიუ გუშინ, 14 მარტს გამოქვეყნდა. “გარდიანი” წერს, რომ მიუხედავად დონატელა ვერსაჩეს განცხადებისა, მოდის სახლის ვებსაიტი კლიენტებს ბეწვით გაფორმებულ ტანსაცმელს კვლავ სთავაზობს.

ვერსაჩეს მოდის სახლი დიდი ხანია განიცდის წნეხს ბეწვეულის გამოყენების გამო. მისგან მოითხოვენ, რომ შეუერთდეს ისეთ მოდის სახლებს, როგორიცაა არმანი, კელვინ კლაინი, უგო ბოსი და რალფ ლორენი, რომლებმაც ბეწვის გამოყენებაზე უარი თქვეს.

ვერსაჩეს კოლექციებში ბეწვი ერთ-ერთი წამყვანი მასალა იყო წლების განმავლობაში. მაგალითად, 2017 წლის კოლექციაში წაულას და მელას ბეწვეული იყო გამოყენებული.

დონატელა ვერსაჩეს მიერ შექმნილი ბეწვის პალტო. 1999 წელი (c) epa

მასალების გადაბეჭდვის წესი