ახალი ამბები

ჯანელიძე: ოპოზიციაში და NGO სექტორში არის ხალხი, რომელსაც უფლება არ აქვს ოკუპაციაზე ისაუბროს

15 მარტი, 2018 • 2081
ჯანელიძე: ოპოზიციაში და NGO სექტორში არის ხალხი, რომელსაც უფლება არ აქვს ოკუპაციაზე ისაუბროს

“ოპოზიციასა და მათ შორის არასამთავრობო სექტორში ის ხალხი არის, რომელმაც 2008 წელს ვერაფერი გააკეთა იმისთვის, რომ არ მომხდარიყო ჩვენი ტერიტორიების ოკუპაცია, და ამ ხალხს არანაირი უფლება არ აქვს, ისაუბრონ დღეს იმ გზებზე, რომელიც უკავშირდება ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას,“ – ამის შესახებ საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ 14 მარტს გამართულ მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.

ჯანელიძე გამოეხმაურა პრემიერ-მინისტრის 9 მარტის განცხადებას, რომლითაც კვირიკაშვილმა რუსეთის ხელისუფლებას მიმართა და აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგისთვის მზადყოფნა გამოთქვა. მოსკოვი ამ განცხადებას მიესალმა და განმარტა, რომ გამოთქმული განწყობა ორმხრივი ნორმალიზაციის გაგრძელებასა და გაღრმავებას შეუწყობს ხელს.

მისი თქმით, ჟენევის მოლაპარაკების შემდეგ რაუნდზე კონსტრუქციულ მუშაობაზე ორიენტირებული დელეგაცია წავა.

“მინდა ხაზი გავუსვა, რომ ეს არ გულისხმობს, რა თქმა უნდა, რომ შემდეგ რაუნდზე, მაგალითად, საქართველოს პრემიერი გაემგზავრება ჟენევაში. დელეგაცია, რომელიც გაემგზავრება ჟენევაში, იქნება ორიენტირებული კონსტრუქციული ჩართულობით გააგრძელოს მუშაობა. ამისათვის საჭიროა, მეორე მხრიდანაც იყოს მზაობა, რათა გადავდგათ ნაბიჯები და თუ ეს ნაბიჯები მოითხოვს უფრო მაღალი პოლიტიკური დონის მონაწილეობას, ჩვენი მხრიდან ეს მზაობა არის გამოთქმული,” – განმარტა ჯანელიძემ.

მიხეილ ჯანელიძე 2009-2015 წლებში საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში სხვადასხვა მნიშვნელოვან თანამდებობაზე მუშაობდა. 2011 წლიდან ის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ვერა ქობალიას მოადგილეც იყო.

ოფიციალური ბიოგრაფიის მიხედვით, 2011 წელს საქართველოს საგარეო ვაჭრობისა და საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის მიხეილ ჯანელიძეს ღირსების ორდენი მიენიჭა. საქართველოს პრეზიდენტი ამ დროს მიხეილ სააკაშვილი იყო.

მასალების გადაბეჭდვის წესი