UK-ის პრემიერმა ტერეზა მეიმ ის სანქციები დაასახელა, რომელსაც დიდი ბრიტანეთი რუსეთს დაუწესებს. 23 რუსი დიპლომატის ქვეყნიდან გაძევებისა და მთავრობის მხრიდან მსოფლიო ჩემპიონატის ბოიკოტირების გარდა, ბრიტანეთი აძლიერებს კონტროლს რუსეთიდან კერძო ფრენებსა და ტვირთებზე.
ტერეზა მეის თქმით, ასევე გაიყინება რუსეთის სახელმწიფოს ყველა აქტივი, რომელთა გამოყენებაც შეიძლება ემუქრებოდეს გაერთიანებული სამეფოს მოქალაქეების სიცოცხლეს ან საკუთრების უფლებას.
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის თქმით, ასევე შეჩერდება მაღალი დონის ორმხრივი ურთიერთობა გაერთიანებულ სამეფოსა და რუსეთს შორის.
გუშინ, 13 მარტს, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ ყოფილი რუსი ჯაშუშისა და მისი შვილის მოწამვლის უკან დიდი ალბათობით რუსეთი იდგა. ტერეზა მეიმ რუსულ მხარეს მოსთხოვა, შუაღამემდე მიეწოდებინათ ინფორმაცია, თუ როგორ მოხდა სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის რუსული წარმოების ტოქსიკური ნივთიერებით მოწამლვა. ეს ინფორმაცია რუსეთმა დიდ ბრიტანეთს აღნიშნულ ვადაში არ მიაწოდა.
ბრიტანეთის პრემიერმა ტერეზა მეიმ განაცხადა, რომ აუცილებლად მიიღებდა ზომებს რუსეთის წინააღმდეგ, რაც უახლოეს მომავალში გასაჯაროვდება.