ახალი ამბები

სითი პარკმა კონტრაქტის გაწყვეტაზე, შესაძლოა, სასამართლოსა და არბიტრაჟს მიმართოს

13 მარტი, 2018 • 1491
სითი პარკმა კონტრაქტის გაწყვეტაზე, შესაძლოა, სასამართლოსა და არბიტრაჟს მიმართოს

კომპანია “სითი პარკმა” თბილის მერიის მიერ ხელშეკრულების გაწყვეტაზე, შესაძლოა, სასამართლოსა და საერთაშორისო არბიტრაჟს მიმართოს. კომპანიის პრესსამსახურში “ნეტგაზეთს” განუცხადეს, რომ ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ თბილისის მერიის გადაწყვეტილება დღეს პირდაპირი ეთერიდან გაიგეს.

“ამ გადაწყვეტილების შესახებ მერიის პირდაპირი ეთერიდან შევიტყვეთ. ვფიქრობთ, რომ ეს არის არაკეთილსინდისიერი დამოკიდებულება საქმისადმი და კომპანია გამოიყენებს ყველა სამართლებრივ მექანიზმს იმისათვის, რომ დაიცვას თავისი უფლებები,” – აცხადებენ პრესსამსახურში.

თბილისის მერმა კახა კალაძემ “სითი პარკთან” ხელშეკრულების გაწყვეტის მიზეზად კომპანიის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობა დაასახელა. კახა კალაძე განმარტავს, რომ “სითი პარკთან” დადებული ხელშეკრულება 2018 წლის 10 აპრილს გაუქმდება.

“კონტრაქტის გაუქმების დღიდან პარკირების ახალი სისტემის ჩამოყალიბებამდე “სითი პარკის” ფუნქციებს თბილისის სატრანსპორტო კომპანია განახორციელებს,” – აცხადებს თბილისის მერი.

მასალების გადაბეჭდვის წესი