ახალი ამბებისამხრეთ კავკასიის ამბები

ალიევი კვირიკაშვილს: წარმატებულ ნაბიჯებს კიდევ უფრო ამყარებს ჩვენი მეგობრობა და ძმობა

12 მარტი, 2018 • 1908
ალიევი კვირიკაშვილს: წარმატებულ ნაბიჯებს კიდევ უფრო ამყარებს ჩვენი მეგობრობა და ძმობა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი ოფიციალური ვიზიტით აზერბაიჯანში იმყოფება, სადაც აზერბაიჯანის პრეზიდენტს, ილჰამ ალიევს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობა ავრცელებს.

“დარწმუნებული ვარ, თქვენი ვიზიტი აზერბაიჯანში ორ ქვეყანას შორის ურთიერთობის განვითარებას ხელს შეუწყობს. ჩვენ წარმატებულად ვთანამშრომლობთ სხვადასხვა სფეროში. მოხარული ვარ, რომ სავაჭრო ბრუნვა იზრდება. ჩვენ 2012 წლიდან ვინარჩუნებთ ამ პოზიციას. რა თქმა უნდა, ერთმანეთთან გვაკავშირებს გლობალური მნიშვნელობის მრავალი პროექტი, მათ შორის, ერთ-ერთია ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი, რომელიც ოქტომბერში საზეიმოდ გავხსენით. წელს კი სამხრეთის გაზის კორიდორის, TANAP-ის პროექტის რეალიზაცია ჩვენს თანამშრომლობას უფრო მაღალ დონეზე აიყვანს. ჩვენი თანამშრომლობა არა მხოლოდ რეგიონულ, არამედ გლობალურ დონეზე წარმატებით ვითარდება და ამ წარმატებულ ნაბიჯებს კიდევ უფრო ამყარებს ჩვენი მეგობრობა და ძმობა”, – განაცხადა ილჰამ ალიევმა გიორგი კვირიკაშვილთან პირისპირ შეხვედრაზე.

თავის მხრივ გიორგი კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ აზერბაიჯანი საქართველოსთვის განსაკუთრებული პარტნიორია.

“გასული წელი ორმხრივ სავაჭრო-ეკონომიკურ ურთიერთობებში განსაკუთრებული ზრდით აღინიშნა. აზერბაიჯანი არის საქართველოს პირველი საინვესტიციო პარტნიორი. სტრატეგიული პროექტები, რომლებიც თქვენ ახსენეთ – ბაქო-თბილისი-ყარსის პროექტი, სამხრეთის გაზის კორიდორის პროექტი, რომელიც შემდგომ ტრანსანატოლიური და ტრანსადრიატიკული გაზსადენით ევროპას უკავშირდება, უაღრესად დიდი მნიშვნელობისაა, როგორც ეკონომიკური, ისე გეოსტრატეგიული თვალსაზრისით. ძალიან მნიშვნელოვანია რეგიონული ფორმატები პოლიტიკური, ეკონომიკური ურთიერთობების კუთხით. გლობალურ ფორმატებში საქართველო ყოველთვის მხარს უჭერს აზერბაიჯანის პოზიციებს და ეს ბუნებრივია, ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობიდან გამომდინარე.” – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ქართულ დელეგაციასთან ერთად, პატივი მიაგო ეროვნული ლიდერის, ჰეიდარ ალიევის ხსოვნას და აზერბაიჯანის პირველი რესპუბლიკის გამოცხადების 100 წლის იუბილე მიულოცა.

მასალების გადაბეჭდვის წესი