წუხელ ქუთაისის მთავარ საავტომობილო გზაზე ავარიის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა და ექვსი დაშავდა. ინფორმაცია ნეტგაზეთს შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
როგორც შსს-ში განგვიცხადეს, საქმეში სამი ავტომობილი ფიგურირებს. ქუთაისის მაგისტრალზე მომხდარი ავარიის შესახებ დამატებითი დეტალები ჯერჯერობით უცნობია.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მეხუთე ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. კოდექსის მიხედვით, დანაშაული ისჯება თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე.