ახალი ამბები

ირმა ინაშვილი: პრემიერ-მინისტრის მიმართვა რუსეთისადმი, შესაძლოა, გარდამტეხი აღმოჩნდეს

9 მარტი, 2018 • 3241
ირმა ინაშვილი: პრემიერ-მინისტრის მიმართვა რუსეთისადმი, შესაძლოა, გარდამტეხი აღმოჩნდეს

“პატრიოტთა ალიანსის” წევრი, პარლამენტარი ირმა ინაშვილი დადებითად აფასებს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის განცხადებას. პრემიერმა აფხაზებთან და ოსებთან პირდაპირი დიალოგის მზადყოფნა გამოთქვა, ასევე, “რთული ვითარების დასაძლევად” რუსეთს ერთობლივი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა.

ირმა ინაშვილის მოსაზრებით, ამ მიმართვის გამო კვირიკაშვილი არავინ უნდა გააკრიტკოს.

“არსებულ ვითარებაში საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიმართვა რუსეთის ფედერაციის ხელისუფლებისადმი არის უმნიშვნელოვანესი პოლიტიკური ნაბიჯი და განაცხადი, სრულიად კონკრეტული გზავნილებით. ყველა, ვინც ამ მიმართვის გამო თავს ესხმის კვირიკაშვილს, არის ჩვენი ქვეყნის მტერი! ეს ხალხი რეალურად არც არჩილ ტატუნაშვილის გადმოსვენების საკითხითა და ბედითაა დაინტერესებული, არც ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნებითაა დაინტერესებული და არც სოხუმთან და ცხინვალთან ურთიერთობის დარეგულირება აინტერესებთ. სწორედ ასეთმა აზროვნებამ მოიტანა სოხუმისა და ცხინვალის ტრაგედიები, სწორედ ასეთმა ხალხმა  ჩააბარა კოდორი და ახალგორი.

ამიტომ ყველა საღად მოაზროვნე მოქალაქე- იქნება ის პოლიტიკური პარტიის ლიდერი, თუ უბრალოდ ინჟინერი ან ექიმი- უნდა ხვდებოდეს, რომ კვირიკაშვილის მიმართვა( ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესების დაცვის ჭრილში) შესაძლოა აღმოჩნდეს გარდამტეხი და უნდა აღმოჩნდეს გარდამტეხი”, – აცხადებს ირმა ინაშვილი.

კვირიკაშვილის გზავნილს “ნეტგაზეთთან” ექსკლუზიურ ინტერვიუში უპასუხა დე ფაქტო სამხრეთ ოსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა დიმიტრი მედოვმა. მისი თქმით, გიორგი კვირიკაშვილის განცხადება მისთვის გაუგებარია და “გვერდიდან სახალისოდ გამოიყურება”.

მასალების გადაბეჭდვის წესი