ახალი ამბები

არასრულწლოვნის ფანჯრიდან გადმოხტომის ფაქტს ამ ეტაპზე შსს “ლურჯ ვეშაპს” არ უკავშირებს

8 მარტი, 2018 •
არასრულწლოვნის ფანჯრიდან გადმოხტომის ფაქტს ამ ეტაპზე შსს “ლურჯ ვეშაპს” არ უკავშირებს

არასრულწლოვნის მე-8 სართულიდან გადმოხტომის ფაქტს ამ ეტაპზე შინაგან საქმეთა სამინისტრო ე.წ. ონლაინ თამაშს, “ლურჯ ვეშაპს” არ უკავშირებს. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს უფროსის, მამუკა ჭელიძის განცხადებით, საქმეზე გამოძიება სსკ-ს 115-ე, თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით მიმდინარეობს.

“მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ჩატარდა მთელი რიგი კომპლექსური საგამოძიებო მოქმედებები. ამ ეტაპისთვის შეიძლება ითქვას, რომ არასრულწლოვნის კავშირი ონლაინ სივრცეში გავრცელებულ თამაშ “ლურჯ ვეშაპთან” არ დასტურდება. საქმეზე გამოძიება გრძელდება და ფაქტი სიღრმისეულად და დეტალურად იქნება გამოკვლეული,”-აცხადებს მამუკა ჭელიძე რ2-ის სიუჟეტში.

არასრულწლოვნის ფანჯრიდან გადმოხტომის ფაქტს ინტერნეტთამაშს უკავშირებს დაშავებულის და. ამის შესახებ მან ფეისბუკზე დაწერა. მას საეჭვოდ მიაჩნია ის ფაქტი, რომ არასრულწოვანს ფეისბუკზე გამოქვეყნებული აქვს ვეშაპის ფოტო. აღნიშული ნახატი მუსიკალურ ჯგუფ GOJIRA-სთანაა დაკავშირებული. დაშავებული არასრულწლოვანი ამჟამად საავადმყოფოში იმყოფება. და ასევე ამბობს, რომ ბოლო პერიოდში უმცროსი ძმის მოკვლითაც ემუქრებოდნენ, რის შესახებაც ძმას თავად უთხრა.

BBC ლონდონელ სპეციალისტებსა და შესაბამისი კვალიფიკაციის მქონე ორგანიზაციებზე დაყრდნობით აქვეყნებს შესაძლო ნიშნებს, რომლებსაც მშობლებმა ყურადღება უნდა მიაქციონ, თუმცა ამ ნიშნების არსებობა თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ ბავშვს სუიციდური ფიქრები აქვს და სახიფათო თამაშს თამაშობს ინტერნეტში:

  • თუ თინეიჯერი ხდება ძალიან საიდუმლოებით მოცული, განსაკუთრებით იმასთან დაკავშირებით, რასაც ინტერნეტში აკეთებს
  • ბევრ დროს ატარებს სოციალურ ქსელებში
  • თუ სმარტფონის (კომპიუტერის) ეკრანს თიშავს მიახლოებისას
  • თუ ხშირად ბრაზდება ინტერნეტით სარგებლობის ან შეტყობინების გაგზავნის შემდეგ
  • თუ ელექტრონულ მოწყობილობაში ბევრი ახალი იმეილის მისამართი და ტელეფონის ნომერი აქვს შენახული

ბავშვის ექსპლოატაციისაგან დაცვის ბრიტანეთის სამთავრობო სააგენტო აცხადებს, რომ ხანდახან ბავშვის ხასიათში ცვლილება სრულიად ნორმალურია და მნიშვნელოვანია, რომ მშობელმა არ გადააჭარბოს.

სააგენტოს განცხადებით, მშვიდი და ღია საუბარი ხასიათის ცვლილების იდენტიფიცირების საუკეთესო საშუალებაა. ასევე, ექსპერტების რჩევაა, რომ დასჯას შედეგი არ მოჰყვება.

“ბავშვები ხშირად არიდებენ თავს მათი წუხილების შესახებ საუბარს, თუ სჯერათ, რომ ამის გამო ინტერნეტთან წვდომას შეუზღუდავენ”, – ვკითხულობთ BBC-ის ვებგვერდზე.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ინფორმაციით, ყოველ წელიწადს მსოფლიოს მასშტაბით 800 000 ადამიანი იღუპება სუიციდით. ეს მაჩვენებელი მაღალია ჩვენს ქვეყანაშიც. მიუხედავად ამისა, საქართველოში სუიციდის პრევენციის პროგრამა 2014 წლიდან მხოლოდ სასჯელაღსრულების დაწესებულებებში მუშაობს.

როგორ უნდა ამოვიცნოთ სუიციდის ნიშნები და რა შეიძლება გავაკეთოთ პრევენციისთვის, ამ თემაზე წაიკითხეთ ჩვენი ინტერვიუ ფსიქოლოგ მაია ცირამუასთან.

გირჩევთ:

შსს: “ლურჯი ვეშაპი” ქართულ ინტერნეტში არ არსებობს – ხუთთვიანი გამოძიების შედეგები

 

მასალების გადაბეჭდვის წესი