ახალი ამბები

ყოფილი რუსი ჯაშუში და მისი შვილი ბრიტანეთში, სავარაუდოდ, მოწამლეს

7 მარტი, 2018 • 3279
ყოფილი რუსი ჯაშუში და მისი შვილი ბრიტანეთში, სავარაუდოდ, მოწამლეს

დიდ ბრიტანეთში, ქალაქ სოლსბურიში, რუსეთის დაზვერვის ყოფილი ოფიცერი, 66 წლის სერგეი სკრიპალი შვილთან, 33 წლის იულიასთან ერთად ქუჩაში უგუნო მდგომარეობაში იპოვეს. ისინი ამ დრომდე რეანიმაციულ განყოფილებაში არიან. სამართალდამცავებს ეჭვი აქვთ, რომ ისინი უცნობი ნივთიერებით მოწამლეს, თუმცა ტოქსიკოლოგიური კვლევის პასუხები უახლოეს დღეებში იქნება. სწორედ ამაზეა დამოკიდებული, რამდენად გაღრმავდება პოლიტიკური კრიზისი დიდ ბრიტანეთსა და რუსეთს შორის.

იმ შემთხვევაში, თუ მამა-შვილ სკრიპალების მოწამვლაში რუსულ კვალს იპოვიან, დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, ბორის ჯონსონი, რუსეთს “ძლიერი” საპასუხო ნაბიჯით დაემუქრა. მან ასევე თქვა, რომ თუ ეს ასე მოხდა, რთული წარმოსადგენია, რამდენად ნორმალურად შეიძლება ჩაიაროს დიდი ბრიტანეთის დასწრებამ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთში. მოგვიანებით ჯონსონის ოფისმა განმარტება გაავრცელა, რომლის მიხედვითაც, მან იგულისხმა ოფიცალური დელეგაცია და არა ფეხბურთის ნაკრები. ბორის ჯონსონისვე თქმით, თითს არავისკენ იშვერს, თუმცა რუსეთი არის “საზიანო და დამანგრეველი ძალა”.

როგორც ბრიტანული მედია წერს, სერგეი სკრიპალისა და მისი შვილის სავარაუდო მოწამვლამ ყველას გაახსენა რუსეთის დაზვერვის ასევე ყოფილი ოფიცრის, ალექსანდრე ლიტვინენკოს პოლონიუმით მოწამვლა და სიკვდილი. ლიტვინენკო ბრიტანეთში 2006 წელს გაიქცა, საიდანაც ვლადიმერ პუტინს აკრიტიკებდა. ის მალევე მოწამლეს პოლონიუმით. ბრიტანეთში ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა, რომ ლიტვინენკო რუსეთის ფედერალური უსაფრთხოების სამსახურმა (FSB) მოკლა.

სერგეი სკრიპალი რუსეთში 2006 წელს გაასამართლეს ბრიტანეთის დაზვერვის სამსახურის, MI6-ის სასარგებლოდ ჯაშუშობის ბრალდებით და 13-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს. თუმცა 2010 წელს, აშშ-ის გამოძიების ფედერალურ ბიუროსთან (FBI) მოლაპარაკების შედეგად, ჯაშუშობისთვის გასამართლებულ სამ სხვა პირთან ერთად გაათავისუფლეს. მაშინ FBI-მ რუსეთის 10 ჯაშუში გაათავისუფლა პატიმრობიდან. სკრიპალმა რუსეთი გათავისუფლებისთანავე დატოვა და მას შემდეგ დიდ ბრიტანეთში ოჯახთან ერთად ცხოვრობდა.

BBC-ის ცნობით, როგორც სკრიპალის ნათესავები აცხადებენ, რუსეთის უშიშროების ყოფილ ოფიცერი დარწმუნებული იყო, რომ რუსები ოდესმე პასუხს მოსთხოვდნენ. ოჯახისვე განცხადებით, სკრიპალის ცოლი, ძმა და 43 წლის შვილი ბოლო ორი წლის განმავლობაში საეჭვო ვითარებაში დაიღუპნენ. სკრიპალის შვილი ცოტა ხნის წინ, სანქტ პეტერბურგში მოგზაურობისას გარდაიცვალა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი