საქმე ეხება ორგანიზებული ჯგუფის მიერ განსაკუთრებით დიდი ოდენობით სახელმწიფო ქონების თაღლითურად დაუფლებისა და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის ფაქტს, რომლის გამოც ცეზარ ჩოჩელი სისხლის სამართლის პასუხისგებაშია მიცემული.

“გამოძიებით დადგინდა, რომ 2010-2013 წლებში შპს „მიქსორის“ მიერ სახელმწიფოს კუთვნილი შპს „რკინაბეტონის შპალის ქარხნის“ თაღლითურად დაუფლების შემდგომ, ცეზარ ჩოჩელის მიერ შპს „რკინაბეტონის შპალის ქარხნის“ უკანონოდ ფლობით ამ უკანასკნელის გამგებლობაში მოექცა დაახლოებით 49 000 000 ლარის ოდენობის უკანონო შემოსავალი, რომლისთვისაც კანონიერი სახის მიცემის მიზნით შპს ,,რკინა ბეტონის შპალის ქარხნის” მიერ 30 347 018 ლარად შეძენილი იქნა ლუდსახარში ზედაზენის 70% წილი, შპს „ბარამბოსათვის “ შეძენილი იქნა 6 331 705 ლარის, ხოლო შპს „ბერტასთვის “ – 1 189 061 ლარის ღირებულების სხვადასხვა ტექნიკა-დანადგარები, ასევე, შპს „მიქსორმა“, როგორც შპს „რკინაბეტონის შპალის ქარხნის“ დამფუძნებელმა, ქარხნიდან დივიდენდის სახით გაიტანა 12 000 000 ლარი.
ამდენად, სახელმწიფოსათვის მიყენებული განსაკუთრებით დიდი ოდენობით ზიანის ანაზღაურებისა და გამოძიების დასრულებამდე დანაშულებრივი გზით შეძენილი აქტივების რეალიზაციის აღკვეთის მიზნით, ყადაღა დაედო ცეზარ ჩოჩელის ოჯახის წევრების სახელზე რიცხულ, მის გამგებლობაში არსებული კომპანიების- შპს „მიქსორის“, შპს „რკინაბეტონის შპალის ქარხნის“, შპს „ბარამბოს“, შპს „ბერტას“, შპს „რკინაბეტონის შპალის ქარხნის“ 70%-იან წილს ლუდსახარშ ზედაზენში, ასევე, ზემოაღნიშნული საწარმოების საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას.
ამასთან, ხაზი გვინდა გავუსვათ იმ გარემოებას, რომ ხსენებული საწარმოების საქმიანობის შესაძლო შეფერხების თავიდან აცილების მიზნით, ყადაღა არ დადებია ფირმების მოძრავ ქონებას, კერძოდ, ტექნიკა-დანადგარებს, საბანკო ანგარიშებს, საწარმო მარაგებს და საქმიანობისთვის აუცილებელ სხვა საშუალებებს და მათ სრული შესაძლებლობა აქვთ შეუფერხებლად განაგრძონ სამეწარმეო საქმიანობა. საქართველოს ფინანსთა სამინისტრო საგამოძიებო სამსახური მზადყოფნას გამოთქვამს და დაინტერესებულია გამოძიების პროცესში ხელი არ შეუშალოს ხსენებულ საწარმოებს გამართულ ფუნქციონირებაში”, – ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.







