ახალი ამბებისაზოგადოება

ვინ წარადგინა კალაძემ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის ახალ უფროსად

5 მარტი, 2018 •
ვინ წარადგინა კალაძემ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის ახალ უფროსად

დღეს, 5 მარტს, თბილისის მერმა კახა კალაძემ ცხოველთა მონიტორინგის სამსახურის უფროსად ვახტანგ ლომჯარიას კანდიდატურა წარადგინა. როგორც დედაქალაქის მერმა აღნიშნა, ვახტანგ ლომჯარია პროფესიით ეკონომისტი, ფინანსისტი და საჯარო მმართველობის სპეციალისტია. მას აქვს როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორში მუშაობის დიდი გამოცდილება. “ნეტგაზეთი” დაინტერესდა, თუ რა სამუშაო გამოცდილება აქვს ვახტანგ ლომჯარიას და შესაბამისი ინფორმაცია გამოითხოვა.

როგორც მერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციით ირკვევა, 2002-2006 წლებში ლომჯარია თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ეკონომიკისა და ბიზნესის ფაკულტეტზე, ფინანსებისა და საბანკო საქმის მიმართულებაზე სწავლობდა. 2006-2007 წლებში თსუ-ის სტუდენტური თვითმმართველობის განათლებისა და მეცნიერების დეპარტამენტის თავმჯდომარე იყო. მუშაობდა ტელეკომპანია “მზესა” და “რუსთავი 2″-ში .

ვახტანგ ლომჯარია 2007-2010 წლებში დასაქმებული იყო თსუ-ის სასწავლო დეპარტამენტში, ამავე წლებში (2008-2010) იყო “ევროპის ახალგაზრდული პარლამენტი – საქართველოს” პრეზიდენტი. 2008 წლიდან 2014 წლის დეკემბრის ჩათვლის აიპ “საქართველოს ეკონომისტთა ფორუმის” აღმასრულებელი დირექტორის პოსტს იკავებდა.

რაც შეეხება უახლოეს წარსულს,  2014 წლის ​აპრლიდან – 2015 წლის მარტის ჩათვლით, ვახტანგ ლომჯარია საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში ეკონომიკურ საკითხებში მრჩევლად მუშაობდა.

2016 წლიდან დღემდე ვახტანგ ლომჯარია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტსა და “საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტიში” (ჯიპა) მოწვეულ ლექტორად მუშაობს, გარდა ამისა, 2015 წლიდან დღემდე აიპ “საქართველოს მომავლის პროექტის” პრეზიდენტია.  

როგორც ლომჯარიამ დღევანდელ შეხვედრაზე განაცხადა, მას გააზრებული აქვს ის პრობლემები, რომელთა წინაშეც მონიტორინგის სამსახური დღეს დგას.

“ჩვენი საქმიანობა სისტემის მეტი სამართლიანობისა და ჰუმანურობისკენ იქნება მიმართული. ცხადია, ცხოველებთან დამოკიდებულება მეტად ადამიანური უნდა იყოს, თუმცა, ამავდროულად, მოსახლეობის კომფორტი უნდა დავიცვათ. ჩვენ ოპონირების რეჟიმიდან, რომელშიც აქამდე იმყოფებოდა სააგენტო, თანამშრომლობის რეჟიმზე გადავდივართ. მივესალმები ყველასთან შეხვედრას, კონსულტაციებს, რომელსაც უახლოეს დღეებში დავიწყებთ და ძალიან მალე ვაჩვენებთ იმ შედეგს, რომელსაც ვგეგმავთ“, – განაცხადა ვახტანგ ლომჯარიამ.

მასალების გადაბეჭდვის წესი