“თელიასონერა კვლავინდებურად აგრძელებს ინვესტირებას საქართველოს ბაზარზე და განიხილავს თავის ინვესტირებას ქვეყანაში, როგორც კომპანიის გრძელვადიან საქმიანობას”- აცხადებს ერიმ ტაილანლარი.
“მედიასაშუალებების მიერ გავრცელებული ინფორმაცია იმის შესახებ, რომ თელიასონერა განიხილავს საქართველოდან თავისი ინვესტიციების გატანას, არასწორი და სრულიად უსაფუძვლოა. ეს საკითხი დღის წერსიგში არ დგას და თელიასონერა კვლავინდებურად განაგრძობს თავის საქმიანობას საქართველოს ბაზარზე. ქართული ბაზარი მზარდია და ამ ეტაპზე ჯეოსელის საქართველოს ბაზარზე არსებობას განვიხილავთ გრძელვადიანი მომავლის პერსპექტივით. ჩვენ ქვეყნის მთავრობასთან ვაწარმოებთ რეგულარულ და გამჭვირვალე დიალოგს მობილური კომუნიკაციების სექტორის რეგულირებასთან დაკავშირებულ სხვადასხვა საკითხებზე. ნებისმიერი ინვესტორისათვის მნიშვნელოვანია იყოს სტაბილური გარემო და საიმედო რეგულირების მექანიზმი. რაც შეეხება მთავრობის მიერ დაკისრებულ გადასახადს, ის უნდა იყოს სამართლიანი და მდგრადი. ჯეოსელი საქართველოში მსხვილი ინვესტორი და დამსაქმებელია, რომელიც მუდმივად ნერგავს სატელეკომუნიკაციო სფეროში არსებულ ტექნოლოგიურ სიახლეებს. გვჯერა, რომ ჩვენ მიერ შეთავაზებული პროდუქტები და სერვისები საქართველოს მოსახლეობის ყოველდღიური ცხოვრების განუყოფელი ნაწილია და არ დავიშურებთ ძალისხმევას, რათა კვლავაც შევინარჩუნოთ მათი ჩვენდამი ნდობა” – ნათქვამია განცხადებაში.
“თელიასონერას” საქართველოს ბაზრიდან შესაძლო გასვლის შესახებ განცხადება “ჯეოსელის” წარმომადგენელმა ლევან გიორგაძემ პარლამენტში, კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის დროებითი საპარლამენტო საგამოძიებო კომისიის სხდომაზე გააკეთა.
“თელიასონერა” საქართველოდან გასვლას და ინვესტიციების გატანის საკითხს განიხილავს. აღნიშნულის მიზეზად გიორგაძე მარეგულირებელი კომისიის გადაწყვეტილებებს ასახელებს:
“ფაქტობრივად, ისე, რომ საკანონმდებლო ცვლილებებს ადგილი არ ჰქონია და ეს წესი რეგულირებულია „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონის 49-ე მუხლის V პუნქტის გ ქვეპუნქტით. ჩანაწერი არის დაახლოებით ასეთი: როდესაც ლიცენზიის გაგრძელება ხდება ამა თუ იმ ავტორიზებული პირის მიერ, ფორმულაში დევს შემდეგი პარამეტრი: ბოლო 3 წლის განმავლობაში 3 აუქციონი თუ არის ჩატარებული, აღებულია საფასურების რაოდენობა… მანამდე კომისია იყენებდა შემდეგ ფორმულას, 3 აუქციონზე ჯამურად აღებული ფასი გაყოფილი მეგაჰერცების ჯამურ რაოდენობაზე. იღებდა ერთ კონკრეტულ ციფრს, ერთი მეგაჰერცის ღირებულებას და იმას ამრავლებდა გასაგრძელებელი მეგაჰერცების რაოდენობაზე.
2013 წლის 17 ივლისს კომისიამ ცვლილება შეიტანა აუქციონის გამართვის დებულებაში, სადაც ასევე 49-ე მუხლში პირდაპირ არის ჩანაწერი, ამ დადგენილებით რა საკითხები უნდა იყოს დარეგულირებული. ეს დოკუმენტი არეგულირებს აუქციონის გამართვის წესს, ლიცენზიის საწყისი ოდენობის გამოანგარიშების წესს და ამ ჩამონათვალში ლიცენზიის გაგრძელების საფასურის რეგულაცია არ არის გათვალისწინებული. კომისიამ ამ დადგენილებაში მიიღო ფორმულა, რომ პირველ აუქციონზე დაფიქსირებული საფასური გაყო მეგაჰერცებზე, მიიღო ერთი კონკრეტული ციფრი, იგივე გააკეთა მეორე აუქციონთან მიმართებაში, იგივე გააკეთა მესამე აუქციონთან მიმართებაში, ეს სამი ციფრი დააჯამა, მერე გაყო სამზე, მიიღო რაღაც ციფრი და შედეგობრივად გეტყვით, “ჯეოსელთან” დაკავშირებით რა მოხდა.”
როგორც გიორგაძე განმარტავს, ლიცენზიის გაგრძელების ასპექტში განხორციელებული ცვლილებების გამო კომპანიას დამატებით 14 მილიონის გადახდა მოუწია:
“მთელი ამ წლების განმავლობაში, რაც კომისია არსებობდა, იმ პირველი ფორმულის გამოყენება როდესაც ხდებოდა, ჯეოსელს კონკრეტული ლიცენზიის გასაგრძელებლად უწევდა 34 მილიონის გადახდა და დღეს, ახალი ფორმულის მიხედვით, გადავიხადეთ 48 მილიონი. როგორც ახსნეს, ეს არის დაზუსტდება. როგორი დაზუსტებაა, როდესაც 14 მილიონის განსხვავებას იძლევა ერთი და იგივე მუხლის ინტერპრეტაცია?!”
გიორგაძე აცხადებს, რომ აღნიშნული მიზეზების გამო “თელიასონერა” ქვეყნიდან ინვესტიციების გატანაზე ფიქრობს:
“ფაქტად მივიღეთ ის, რომ უკანონოდ ვიხდით 48 მილიონს. 4 ასეთი ლიცენზია გვაქვს, რომელიც 2 წლის ინტერვალით უნდა გავაგრძელოთ. დამფუძნებლების მხრიდან “თელიასონერა” უკვე სერიოზულად ფიქრობს ქვეყნიდან გავიდეს და ინვესტიციები გამოითხოვოს. 2013 წლის 17 ივლისს მიიღეს დადგენილება, ჯეოსელის შემთხვევაში გადაწყვეტილება მიღებული იქნა 2013 წლის 9 აგვისტოს.”







