ახალი ამბები

თბილისის საკრებულოს წევრი დააკავეს

28 თებერვალი, 2018 • 7109
თბილისის საკრებულოს წევრი დააკავეს

“სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების  შედეგად, ქრთამის აღების ფაქტზე ქალაქ თბილისის საკრებულოს წევრი, კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი თემურ გორგაძე დააკავეს”, – ამის შესახებ ინფორმაციას სუსი ავრცელებს.

“გამოძიებამ დაადგინა, რომ თემურ გორგაძემ საქართველოს მოქალაქეს მისი ნათესავის  შეწყალების კომისიის მეშვეობით პატიმრობიდან განთავისუფლების სანაცვლოდ ქრთამის სახით მოსთხოვა 7000 ამერიკული დოლარი.

2018 წლის 28 თებერვალს თემურ გორგაძემ, ხსენებულ მოქალაქეს წინასწარ გამოართვა მოთხოვნილი თანხის ნახევარი – 3500 ამერიკული დოლარი, რა დროსაც იგი სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ბრალდებულის სახით დააკავეს.

გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს (საქართველოს სსკ-ის 338-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით), რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 7-დან 11  წლამდე ვადით.

გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო”, – აცხადებენ სუს-ში.

გორგაძე დაიბადა 1975 წლის 24 იანვარს; 1992 წელს დაამთავრა ქ.თბილისის N75-ე საშუალო სკოლა; 1996 წელს დაამთავრა საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტი; 1995 – 2001 წლებში მუშაობდა შპს „ბურჯში“ სხვადასხვა თანამდებობაზე; 2001-2004 წლებში მუშაობდა შპს „ბარაკონში“ მთავარ ტექნოლოგად; 2005-2007 წლებში იყო შპს „ჭაბუკას“ დირექტორი; 2008-2010 წლებში იყო შპს „ბრედ ჰაუსის“ დირექტორი; 2011-2013 წლებში იყო შპს „ეკო-პურის“ დამფუძნებელ-დირექტორი; 2014-2016 წლებში ხელმძღვანელობდა „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ საკრებულოს კრწანისის რაიონის მაჟორიტარი წევრის, ბექა ნაცვლიშვილის ბიუროს; 2017 წელს იყო „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ პარლამენტის კრწანისის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის, ბექა ოდიშარიას ბიუროს ხელმძღვანელი; 2017 წლიდან დღემდე არის „ქართული ოცნების“ კრწანისის საოლქო ორგანიზაციის აღმასრულებელი მდივანი; ფლობს რუსულ და ინგლისურ ენებს.

მასალების გადაბეჭდვის წესი