ახალი ამბები

იანვარში რეგისტრირებულ დანაშაულთა რიცხვი გაიზარდა, გახსნის პროცენტი კი შემცირდა

28 თებერვალი, 2018 • 2003
იანვარში რეგისტრირებულ დანაშაულთა რიცხვი გაიზარდა, გახსნის პროცენტი კი შემცირდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო 2018 წლის იანვარში ჩადენილი დანაშაულების სტატისტიკას აქვეყნებს. სტატისტიკის მიხედვით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 2018 წლის იანვარში რეგისტრირებულ დანაშაულთა რაოდენობა 23%-ით გაიზარდა.

სტატისტიკის მიხედვით, შემცირებულია გახსნილი დანაშაულებების პროცენტული რაოდენობა. 2017 წლის იანვარში რეგისტრირებული დანაშაულებების 38.48% გაიხსნა, 2018 წლის იანვარში კი- 29.52%.

უწყების მიერ გავრცელებული დოკუმენტის მიხედვით, 2018 წლის იანვარში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, იმატა სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების რაოდენობამ, გაიზარდა ოჯახში ძალადობის რეგისტირებული შემთხვევებიც.

სტატისტიკის მიხედვით, სიცოცხლის წინააღმდეგ ჩადენილი 222 დანაშაული მოხდა, როცა გასული წლის იანვარში ეს მონაცემი 159 იყო. მატება ძირითადად თვითმკვლელობამდე მიყვანის (115-ე) მუხლის ხარჯზე დაფიქსირდა. ამ მუხლით 2017 წლის იანვარში 119 საქმე აღიძრა, 2018 წლის იანვარში კი – 180.

80 პროცენტითაა გაზრდილი  ჯანმრთელობის წინააღმდეგ ჩადენილი დანაშაულების რაოდენობა. მომატებულია ოჯახში ძალადობის მუხლით რეგისტრირებული დანაშაულებების რიცხვი. 2017 წლის იანვარში ასეთი 178 შემთხვევა აღირიცხა, 2018 წლის იანვარში კი- 246.  3-დან 8-მდე გაიზარდა გაუპატიურებების რიცხვი.

57 პროცენტითაა გაზრდილი ქურდობების (სსსკ 177) სტატისტიკა. 2017 წლის იანვარში 908 შემთხვევა, 2018-ში კი 1432 აღირიცხა.

2018 წლის იანვარში, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, შემცირებულია ნარკოდანაშაულის სტატისტიკა (მ. 260-274). 2017 წლის იანვარში 484, 2018-ში კი 227 შემთხვევა აღირიცხა.

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი