ახალი ამბები

სააკაშვილის მხარდამჭერები უკრაინის მთავარ პროკურორს ნაჯახით თავდასხმაში ადანაშაულებენ

28 თებერვალი, 2018 •
სააკაშვილის მხარდამჭერები უკრაინის მთავარ პროკურორს ნაჯახით თავდასხმაში ადანაშაულებენ

მიხეილ სააკაშვილის მიერ უკრაინაში დაფუძნებული “ახალი ძალების მოძრაობის” აქტივისტები ამბობენ, რომ უკრაინის გენერალურ პროკურორი მათ საპროტესტო კარავს ნაჯახით დაესხა თავს. ინფორმაციას ამის შესახებ Kyiev Post ავრცელებს.

სააკაშვილის მხარდამჭერებმა საპროტესტო კარავი იური ლუცენკოს სახლის წინ, კიევის დასავლეთით მდებარე სოფელ სტოიანკაში 24 თებერვალს გაშალეს. ისინი პროკურატურისგან ახალი მოძრაობის ერთ-ერთი წევრის, სევერიან დანგაძის გათავისუფლებას მოითხოვენ. უკრაინის პროკურატურა სააკაშვილის თანამებრძოლ დანგაძეს რუსეთში გაქცეული ოლიგარქისგან, სერგეი კურჩენკოსგან ხელისუფლების გადატრიალების მიზნით დაფინანსების მიღებას ედავება. ბრალდებას აბსურდულად მიიჩნევს როგორც სააკაშვილი, ისე – თავად დანგაძეც.

როგორც სააკაშვილის ადვოკატმა პავლო ბოგომაზოვმა მედიასაშუალებას უთხრა, შემთხვევა 26 თებერვალს მოხდა. იური ლუცენკო თავის დაცვის ორ წევრთან ერთად გამოვარდა სახლიდან, მას ხელში ნაჯახი ეკავა, რომლის გამოყენებითაც დააზიანა გენერატორი. სწორედ ამ გენერატორიდან მიეწოდებოდა ელექტროენერგია საპროტესტო კარავს. ბოგომაზოვისვე თქმით, ლუცენკო აქტივისტებს უყვიროდა და მათგან ტერიტორიის დატოვებას მოითხოვდა. ადგილზე გამოიძახეს პოლიცია და თავდასხმის შესახებ ოფიციალურად იჩივლეს.

როგორც Kyiev Post წერს, უკრაინის გენერალური პროკურორის პრესსამსახურმა მომხდართან დაკავშირებით მათ კითხვებს არ უპასუხა.

მასალების გადაბეჭდვის წესი