ახალი ამბები

ფოტო ▶ გუდიაშვილის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება

27 თებერვალი, 2018 • 3003
ფოტო ▶ გუდიაშვილის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოები იწყება

27 თებერვალს კახა კალაძე მერიის თანამშრომლებთან, თანაპარტიელებთან და თბილისის განვითარების ფონდის წარმომადგენლებთან ერთად გუდიაშვილის მოედანზე იმყოფებოდა. დღეს დედაქალაქის მერს საზეიმო ვითარებაში უნდა გამოეცხადებინა გუდიაშვილის მოედნის სარეაბილიტაციო სამუშაოების დაწყება, თუმცა სავაჭრო ცენტრ “ქალაქის გულში” გაჩენილი ხანძრის გამო, მან მხოლოდ მედიასთან გააკეთა კომენტარი და მოედნის მიმდებარე ტერიტორია დაათვალიერა.

თბილისის მერმა მადლობა გადაუხადა ყველა იმ ადამიანს, ვინც გუდიაშვილის მოედნის დაცვაში იყო ჩართული. მისი თქმით, იყო ძალიან ბევრი გამოსვლა იმასთან დაკავშირებით, რომ უნდა შენარჩუნებულიყო ეს მოედანი, რასაც თვითონაც ეთანხმება.

“ეს ის სიმდიდრეა, რომელიც ჩვენს ქალაქს გააჩნია. ამ პროექტის შედგენაში ჩართული იყვნენ ხელოვნებათმცოდნეები, არქიტექტორები, “იკომოსი” და “ტფილისის ჰამქარი”. უკვე ვიწყებთ ამ პროექტის განხორციელებას. დღეს არ გვექნება ოფიციალური ცერემონია, რამდენიმე დღეში გავაკეთებთ ამას, თუმცა სამუშაოები ხვალიდან დაიწყება. პროექტის შემუშავებაში ჩართული მხარეების რეკომენდაციები მაქსიმალურად იყო გათვალისწინებული და სამუშაოების დაწყება დროში სწორედ ამიტომ გაიწელა,” – განაცხადა კახა კალაძემ.

დედაქალაქის მერის თქმით, საკმაოდ ამბიციური და მასშტაბური გეგმები აქვს ქალაქის ისტორიულ-კულტურულ ადგილებთან დაკავშირებით:

“ყოველთვის ვამბობდი, რომ ძველ თბილისს მოვლა-პატრონობა სჭირდება. უამრავი ძეგლია ქალაქში, რომელიც რეაბილიტაციას საჭიროებს. ეს ის ადგილები და უბნებია, რომლითაც ვამაყობთ.”

ხელოვნებათმცოდნეებს კითხვები აქვთ იმ ორ კომპანიასთან (“ინსი” და “ანაგი”) დაკავშირებით, რომლებიც დედაქალაქის მერმა შეარჩია სარეაბილიტაციო სამუშაოების განსახორციელებლად. თამარ ამაშუკელი ამბობს, რომ ამ კომპანიებმა გაუკეთეს რესტავრაცია აღმაშანებლის გამზირს, რომელიც, მისი შეფასებით, ძალიან ტრაგიკული გამოდგა.

როგორც ხელოვნებათმცოდნე აცხადებს, რეასტავრაციის დროს ეს კომპანიები ძალიან ხშირად ძველს მთლიანად ახლით ანაცვლებდნენ, რაც არ არის კარგი. მისი თქმით, მაქსიმალურად უნდა ვეცადოთ, რომ ძველი შევინარჩუნოთ და ახლით მინიმალურად ჩავერიოთ.

“კითხვები ყოველთვის არის. ახლის გაკეთების დროს აღმოჩნდება ხოლმე, რომ მთლად ისეთი არ არის ფასადი, როგორიც იყო ძველი. ამიტომ, ვფიქრობ, კარგი იქნება შეიქმნას საზოგადოებრივი ჯგუფი, რომელიც მონიტორინგს გაუწევს ხარისხს. პროექტი გაკეთებულია “იკომოსის” მიერ, ვიცნობთ მას და არ გვაქვს შეკითხვები. თანხაც საკმარისია. ახლა საქმე ის არის, თუ როგორ განახორციელებს უშუალოდ სამშენებლო კომპანია ამ პროექტს.

ნარმანიას დროს კუს ნაბიჯებით კი მივდიოდით, მაგრამ ნელ-ნელა წინ წავედით. მის დროს შემუშავდა ეს პროექტები და აღარ შეიცვალა, რაც კარგია. ამავე პროექტებზეა გამოყოფილი თანხა. ეს არის უკვე ბოლო ეტაპი და ძალა უნდა მოვიკრიბოთ, რომ ხარისხი გავაუმჯობესოთ,” – აცხადებს თამარ ამაშუკელი.

თბილისის განვითარების ფონდის დირექტორი, გიორგი ბაიდარაშვილი კი აცხადებს, რომ “ანაგი” და “ინსი” არიან ყველაზე დიდი კომპანიები ძეგლების რესტავრაციის სფეროში, რომლებსაც აქვთ დიდი გამოცდილებაც და ზურგს უმაგრებთ ფინანსური სიძლიერეც.

როგორც ფონდის დირექტორი ამბობს, უშუალოდ გუდიაშვილის მოედნისა და მისი არეალის რეაბილიტაციისთვის ორწლიან პერიოდში ბიუჯეტიდან 50 მილიონი ლარია გამოყოფილი. მისი თქმით, 14 მისამართი უკვე დაპროექტებულია, ხოლო 70 მისამართი კონსერვაციის გეგმის ფარგლებშია:

“პირველ რიგში, ვიმოძრავებთ ამ 70 მისამართში. დაპროექტებული 14 მისამართის იქით რეაბილიტაციას დავიწყებთ ძალიან გადაუდებელი სიტუაციიდან გამომდინარე. პროექტი რომ გვექნება ხელში, დავიწყებთ იმ მისამართების რეაბილიტაციასაც.”

გუდიაშვილის მოედნისა და მისი მიმდებარე არეალის რესტავრაციის გეგმა 2016 წელს შეიმუშავეს. მას შემდეგ ეტაპობრივად მიმდიანრებს სამუშაოები. დროებით გაამაგრეს ისტორიული ძეგლების ნაწილი, ხოლო პარალელურად შემუშავდა იმ შენობების პროექტები, რომლებიც XIX საუკუნის ბოლოს და XX საუკუნის დასაწყისშია აშენებული. მოწესრიგდა სანიაღვრე და წყალ-კანალიზაციის სისტემა, ასევე, მოცილდა მიწისქვეშა წყლები. ახლა იწყება ბოლო ეტაპი, რომელიც ისტორიული შენობების ეტაპობრივ აღდგენას გულისხმობს.

გუდიაშვილის მოედანზე 28 თებერვლიდან 14 ისტორიული შენობის (ძეგლის) რესტავრაცია დაიწყება. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

იგეგმება გუდიაშვილის მოედნის არეალის ტერიტორიის რეაბილიტაციაც. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

იგეგმება გუდიაშვილის მოედნის არეალის ტერიტორიის რეაბილიტაციაც. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ადგილობრივები დედაქალაქის მერს თავიანთ პრობლემებზე ესაუბრებიან. მათ სურთ, რაც შეიძლება მალე დასრულდეს რესტავრაცია. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

გუდიაშვილის მოედნისა და მისი არეალის რესტავრაციის გეგმა, რომელიც 2016 წელს შეიმუშავეს

გუდიაშვილის მოედანზე 28 თებერვლიდან 14 ისტორიული შენობის (ძეგლის) რესტავრაცია დაიწყება. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

გუდიაშვილის მოედანზე 28 თებერვლიდან 14 ისტორიული შენობის (ძეგლის) რესტავრაცია დაიწყება. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

გუდიაშვილის მოედანზე 28 თებერვლიდან 14 ისტორიული შენობის (ძეგლის) რესტავრაცია დაიწყება. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

ხანდაზმული კაცი კახა კალაძეს გუდიაშვილის მოედანზე არსებულ ვითარებას უხსნის. ფოტო: გიორგი დიასამიძე/ნეტგაზეთი

მასალების გადაბეჭდვის წესი