ახალი ამბებიტექნოლოგიები

აპლიკაცია ევროკავშირში უვიზო მიმოსვლისთვის დარჩენილი დღეების გამოსათვლელად

27 თებერვალი, 2018 • 3523
აპლიკაცია ევროკავშირში უვიზო მიმოსვლისთვის დარჩენილი დღეების გამოსათვლელად

იუსტიციის სამინისტრომ დღეს, 27 თებევრვალს წარმოადგინა უვიზო მიმოსვლის დღეების გამომთვლელი მობილური აპლიკაცია “Schengen/EU App” როგორც IOS-ის, ასევე Android-ისთვის.

ეს აპლიკაცია იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტომ დაამზადა, პრეზენტაციის შემდეგ აპლიკაცია მართვაში გადაეცა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს. აპლიკაციის გადმოწერა მომხმარებლისთვის უფასოა.

ეს აპლიკაცია მომხმარებლებს საშუალებას აძლევს, ჩაინიშნონ შენგენის/ევროკავშირის ზონაში გატარებული დღეები და გამოითვალონ დარჩენილი დღეების რაოდენობა”

მაგალითად, აპლიკაციაში ჩავწერეთ, რომ 2018 წლის იანვარში იტალიაში 8 დღე გავატარეთ. აპლიკაცია აჩვენებს, რომ 82 დღეა დარჩენილი.

“მნიშვნელოვანია, მოსახლეობამ სწორად დათვალოს 180-დღიან პერიოდში დასაშვები 90 დღე, რათა უნებურად არ დაარღვიოს უვიზო მიმოსვლის წესები,”- განაცხადეს დღევანდელ კონფერენციაზე. 

აპლიკაციას აქვს სამენოვანი ინტერფეისი: ქართული, ინგლისური და რუსული.

გარდა ამისა, აპლიკაცაში მომხმარებელს შეუძლია უვიზო მიმოსვლით სარგებლობის წესებს გაეცნოს.

“კარგი იქნება Online ჩათი საკონსულო დეპარტამენტთან ან საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონტაქტო ინფო მაინც დაამატოთ აპში,”- წერს ერთ-ერთი მომხმარებელი.

გარდა ამისა, სოციალურ ქსელებში ზოგიერთი მომხმარებლის უკმაყოფილება იმან გამოიწვია, რომ აპლიკაცია შენგენის კანდიდატ ქვეყნებში  ( ბულგარეთი, ხორვატია, კვიპროსი, რუმინეთი) გატარებულ დღეებსაც ითვლის მთლიან პერიოდში. ამასთან დაკავშირებით სერვისების განვითარების სააგენტომ მათ უპასუხა, რომ “აღნიშნული ქვეყნები ცალკე არ ითვლება. კანდიდატი ქვეყნებიც ექცევა ნებისმიერი 180-დღიანი პერიოდიდან მაქსიმუმ 90- დღიანი სამოგზაურო პერიოდის კალკულაციაში”.

„Schengen/EU App“ შეიქმნა იუსტიციის სამინისტროს სსიპ „სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს“ მიერ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროსთვის ევროკავშირისა და მიგრაციის პოლიტიკის განვითარების საერთაშორისო ცენტრის (ICMPD) მხარდაჭერით. 

მასალების გადაბეჭდვის წესი