ახალი ამბები

უნივერსიტეტებში სწავლის ხანგრძლივობა შესაძლოა შემცირდეს – სამინისტროს ინიციატივის შეფასება 

27 თებერვალი, 2018 • 1835
უნივერსიტეტებში სწავლის ხანგრძლივობა შესაძლოა შემცირდეს – სამინისტროს ინიციატივის შეფასება 

საქართველოს განათლების სამინისტროს პროექტის მიხედვით, იგეგმება საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებზე სწავლის ხანგრძლივობის შემცირება.

„უმაღლესი განათლების შესახებ“ კანონპროექტის მიხედვით, ბაკალავრიატზე სწავლა ოთხი წლის ნაცვლად შეიძლება სამი წელი გახდეს, მაგისტრატურა კი – ერთი წელი, ორის ნაცვლად.

რა ეფექტი ექნება ამ ცვლილებას და რა არის ვადების შემცირების მთავარი მოტივი, ამასთან დაკავშირებით განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრში კომენტარს არ აკეთებენ.

„ჩვენ ველოდებით კანონპროექტის განხილვას და ინიციატივის ძალაში შესვლას,“ – აცხადებენ ცენტრში. რა დადებითი ან უარყოფითი შედეგი შეიძლება მოჰყვეს სამაგისტრო და საბაკალავრო პროგრამების შემცირებას?

განათლების სპეციალისტის, სიმონ ჯანაშიას შეფასებით, დღეს არსებული მოდელი ხისტია, რადგან არსებობს ევროპული გამოცდილებაც, სადაც ყველა სამაგისტრო ან საბაკალავრო პროგრამა არ არის ოთხი ან ორი წელი.

„ხისტია მოდელი, როცა მოითხოვს, რომ მაინცდამაინც ოთხი წელი უნდა ისწავლო საბაკალავრო პროგრამაზე, ან ორი წელი მაგისტრატურაზე.

მე პირადად ჰარვარდში ერთწლიან სამაგისტრო პროგრამაზე ვისწავლე და ევროპაშიც არსებობს სხვადასხვა გამოცდილება,“ – გვეუბნება ის.

რაზეა დამოკიდებული პროგრამის ხანგრძლივობა? ჯანაშიას თქმით, სხვადასხვა ქვეყანაში სხვადასხვა ტრადიცია არსებობს, მეორე ფაქტორი კი პროგრამის შინაარსია.

„მაგალითად, რაც უფრო პროფესიულია პროგრამა, ითვლება, რომ მას ნაკლები დრო სჭირდება და რაც უფრო აკადემიურია, უფრო მეტ დროს მოითხოვს. ეს კომბინაციებიც განსაზღვრავს დროს.

გარდა ამისა, პროგრამები როცა მოკლეა, ეს უფრო ნაკლებ ხარჯს მოითხოვს სტუდენტებისგან.

ამერიკულ უნივერსიტეტებში არის წელიწადნახევრიანი სამაგისტრო პროგრამებიც. განათლების მიმართულებით ჩვენთანაც არის ერთწლიანი პროგრამა, რომელიც გათანაბრებულია მაგისტრატურასთან. ასე რომ, მოდელი უნდა იყოს უფრო მოქნილი და არა ხისტი,“ – ამბობს სიმონ ჯანაშია.

რაც შეეხება ხარისხს, ჯანაშიას აზრით, სამაგისტრო პროგრამებზე სწავლების ხარისხი იმ შემთხვევაში შეიცვლება, თუკი უნივერსიტეტები სტუდენტების შერჩევის მექანიზმს შეცვლიან და მაგისტრატურაში უფრო მაღალი კომპეტენციის ადამიანებს შეარჩევენ.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი