ახალი ამბები

საგანგებო: სავაჭრო ცენტრში ხანძარი ლოკალიზებულია, დაიწვა 3000 კვ.მ

27 თებერვალი, 2018 • 3505
საგანგებო: სავაჭრო ცენტრში ხანძარი ლოკალიზებულია, დაიწვა 3000 კვ.მ

სავაჭრო ცენტრ “ქალაქის გულში” ხანძარი ლოკალიზებულია. დაიწვა დაახლოებით 3 000 კვადრატული მეტრი ფართობი – ამის შესახებ “ნეტგაზეთს” საგანგებო სიტუაციების სამსახურმა განუცხადა.

ხანძარი  თბილისში, ცაბაძის ქუჩაზე მდებარე სავაჭრო ცენტრის შენობაში 27 თებერვალს, დაახლოებით 00:30 საათზე გაჩნდა და 35 სახანძრო მანქანა მის ჩაქრობას საათზე მეტხანს ცდილობდა.

02:10 საათისთვის ხანძარი ლოკალიზებულია, თუმცა ბოლომდე ჩამქრალი არ არის, რაც იმას ნიშანავს, რომ ხანძრის არეალის გაფართოების საშიშროება აღარ არსებობს.

სავაჭრო ცენტრის ტერიტორიაზე იმყოფებიან მოვაჭრეები, რომლებსაც ფართები აქვთ დაქირავებული და სხვადასხვა ტიპის მაღაზიას ფლობენ “თერგის” შენობაში. ისინი ცდილობენ გაარკვიონ მათი საქონლის ბედი. როგორ რამდენიმე მოვაჭრემ “ნეტგაზეთს” განუცხადა, მათ პროდუქცია არა აქვთ დაზღვეული.

ხანძრის ადგილას იმყოფებოდა თბილისის მერი კახა კალაძე. მან ჟურნალისტებთან მხოლოდ ის თქვა, რომ უახლოეს ხანში მოხდებოდა ხანძრის ლოკალიზება.

შემთხვევის ადგილზე ასევე მივიდა საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელი გიორგი მღებრიშვილი. მისი ინფორმაციით, ხანძარი სავაჭრო ცენტრის სამსართულიანი შენობის მესამე სართულზეა გავრცელებული.

ამავე თემაზე:  თბილისში ბაზრობა იწვის, მობილიზებულია 35 სახანძრო მანქანა

დამწვარი სავაჭრო ცენტრი “თერგი”. ფოტო: ნეტგაზეთი/დათო ქოქოშვილი

ხანძარი სავაჭრო ცენტრში “თერგი”. ფოტო: ნეტგაზეთი/დათო ქოქოშვილი

სავაჭრო ცენტრი “თერგი”. ფოტო: ნეტგაზეთი/დათო ქოქოშვილი

 

 

მასალების გადაბეჭდვის წესი