ახალი ამბები

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა მანქანები იჯარით ექსგამგებლისა და მისი მამისაგან მიიღო – აუდიტი

26 თებერვალი, 2018 • 1730
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტმა მანქანები იჯარით ექსგამგებლისა და მისი მამისაგან მიიღო – აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის ანგარიშით, 2015-16 წლებში ლანჩხუთის იმდროინდელმა გამგებელმა ზაზა ურუშაძემ მუნიციპალიტეტს იჯარით გადასცა .საკუთარი მანქანა. მუნიციპალიტეტმა იჯარით მიიღო ურუშაძის მამის კუთვნილი ავტმობილიც.

როგორც ფინანსური და შესაბამისობის აუდიტის ანგარიშში ვკითხულობთ, იჯარის პირობების მიხედვით, მუნიციპალიტეტი უზრუნველყოფდა სატრანსპორტო საშუალების მოვლა-პატრონობის ხარჯებს.

“საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ საქართველოს კანონის თანახმად, თანამდებობის პირს უფლება არ აქვს ქონებრივი გარიგება დადოს იმ სახაზინო დაწესებულებასთან, რომელშიც მას თანამდებობა უჭირავს”. შესაბამისად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნით, აღნიშნული საიჯარო ხელშეკრულებების გაფორმებით დარღვეულია მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნები.

აუდიტის სამსახური თავის დასკვნაში აღნიშნავს, რომ გამგებლის საკუთრებაში არსებული ავტომანქანა Volkswagen Passat-ის საწვავის გამოყენება არ ფიქსირდება 2016 წლის ივნისი-ოქტომბრის თვეებში, თუმცა ამავე პერიოდში ავტომანქანაზე გაწეულია სხვადასხვა სახის ხარჯი:

“კერძოდ, შეცვლილია საბურავები, გამოცვლილია ზეთი, ანტიფრიზი და სხვა. შესაბამისად, არსებობს რისკი იმისა, რომ მუნიციპალიტეტმა იჯარით აყვანილ სატრანსპორტო საშუალების ექსპლოატაციაზე ხარჯები გასწია ისე, რომ მისი გამოიყენება არ მომხდარა მუნიციპალიტეტის საჭიროებებისთვის შესაბამის პერიოდში.”

2015 წელს  ლანჩხუთის მუნიციპალიტეტი სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად  სარგებლობდა ბალანსზე რიცხული 7 ერთეული ავტომანქანით, ხოლო 2016 წელს – 8 ავტომანქანით. აღნიშნული ავტომანქანების ექსპლოატაციისათვის, აუდიტის ანგარიშის მიხედვით, მუნიციპალიტეტის მიერ დამტკიცებული საწვავის მოხმარების ლიმიტების შესაბამისად, 2015-16 წლებში დახარჯულია 172.1 ათასი ლარი.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურის დასკვნით, მუნიციპალიტეტის მიერ სამსახურებრივი უფლებამოსილების განსახორციელებლად გამოყენებული სატრანსპორტო საშუალებების რაოდენობა 2015 წელს 1 ერთეულით, ხოლო 2016 წელს – 2 სატრანსპორტო საშუალებით აღემატება მთავრობის დადგენილებით რეკომენდებულ ზღვრულ ოდენობას.

ნეტგაზეთი ზაზა ურუშაძეს დაუკავშირდა პოზიციის დასაფიქსირებლად, თუმცა მან მხოლოდ ის გვითხრა, რომ საკუთარი ოჯახის ავტომობილების მულიციპალიტეტისთვის მიქირავებით ბიუჯეტის თანხები დაზოგა. მან დამატებით განმარტების გაკეთება და კითხვებზე პასუხის გაცემა არ ისურვა.

მასალების გადაბეჭდვის წესი