ახალი ამბები

მერია სარეკლამო აბრებზე არაქართულენოვანი წარწერების მკაცრ რეგულირებას აანონსებს

26 თებერვალი, 2018 • 2593
მერია სარეკლამო აბრებზე არაქართულენოვანი წარწერების მკაცრ რეგულირებას აანონსებს

თბილისის მერია “რეკლამის შესახებ” კანონის საჯარიმო სანქციებთან დაკავშირებით ცვლილებებს გეგმავს. როგროც თბილისის მერიის ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა, გიორგი ბაგრატიონმა განმარტა,  ყველა მესაკუთრე, რომელიც კანონით დადგენილს ნორმებს დაარღვევს, დაჯარიმდება.

“რეკლამის შესახებ” კანონის შესახებ, კერძოდ კი, ფასადებზე არაქართულენოვანი წარწერების გამოყენებაზე ისაუბრა თბილისის მერმა, კახა კალაძემაც. მისი თქმით, იმ შემთხვევაში, თუ დამატებით რეგულაციები გახდება საჭირო, მერია აუცილებლად მიმართავს საკრებულოს კანონის გამკაცრების თვალსაზრისით.

“ფასადებზე არაქართულენოვანი წარწერების გამოყენება სერიოზული პრობლემაა, რომელსაც დღეს დედაქალაქში ვაწყდებით. ამას წინასაარჩევნოდაც ვამბობდი და ახლაც გავიმეორებ, რომ ამ მიმართულებას ძალიან დიდ ყურადღებას მივაქცევთ და მკაცრი ვიქნებით. დღესვე დავავალე ზედამხედველობის სამსახურს, რომ დაიწყონ მითითებები, ყველა მესაკუთრეს მისცენ გონივრული ვადა, რომ გარკვეული დროის განმავლობაში ცვლილებები განხორციელდეს. ჩვენ არავის ვეწინააღმდეგებით და ვერჩით – ყველას აქვს უფლება და საშუალება, ქვეყანაში ჩამოვიდეს, ბიზნესი აწარმოოს, რა თქმა უნდა, ჩვენი კანონის ფარგლებში, მაგრამ ქართულ ენას პატივი უნდა ვცეთ. ეს ყველაფერი კანონმდებლობით არის განსაზღვრული,” – განაცხადა კახა კალაძემ.

“რეკლამის შესახებ” კანონის მიხედვით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე აბრაზე წარწერა შესრულებული უნდა იყოს სახელმწიფო ენაზე, ხოლო სურვილის შემთხვევაში შეიძლება შესრულდეს უცხოურ ენაზეც. უცხოურენოვანი წარწერა ზომით არ უნდა აღემატებოდეს სახელმწიფო ენაზე შესრულებულ წარწერას.

მასალების გადაბეჭდვის წესი