ახალი ამბები

ესპანეთში ქართულ-ესპანური კრიმინალური ჯგუფი დააკავეს

26 თებერვალი, 2018 • 2134
ესპანეთში ქართულ-ესპანური კრიმინალური ჯგუფი დააკავეს

ესპანეთის პოლიციამ ქართველებისა და ესპანელების ჯგუფი დააკვა, რომელსაც სამართალდამცველები ქურდობისა და ყაჩაღობის 21 შემთხვევას უკავშირებენ. ამის შესახებ ინფორმაციას ესპანური პოლიცია ავრცელებს.

უწყების ინფორმაციით, ჯგუფს, რომელიც 4 ადამიანისგან (3 მამაკაცი და ერთ ქალი) შედგებოდა და რომელთა ასაკიც 34-დან 38 წლამდე მერყეობს, ყაჩაღობისა და ქურდობის რამდენიმე შემთხვევის გამო ედებათ ბრალი.

გამოძიება 2017 წელს დაიწყო. კატალონიის ადგილობრივმა პოლიციამ დაადგინა, რომ ჯგუფის წევრების სამიზნე, ძირითადად, მოხუცებული, მარტოხელა ადამიანები იყვნენ. ჯგუფის წევრი ქალი წინასწარ შერჩეულ მსხვერპლს ურეკავდა, თავს წარმოადგენდა ბუნებრივი აირის პერიოდული შემოწმების ოპერატორად და ნიშნავდა ქსელის “შემოწმების” თარიღს.

წინასწარ დაგეგმილ დროს ჯგუფის დანარჩენი სამი წევრი სპეციალური უნიფორმით მიდიოდა დანიშნულების ადგილზე. ერთ-ერთ მათგანს მსხვერპლის ყურადღება გადაჰქონდა, მაშინ, როდესაც დანარჩენები სახლში ძვირფასეულობასა და ფულს ეძებდნენ. 

ჯგუფის წევრები სამართალდამცველებმა 22 თებერვალს დააკავეს და ნივთმტკიცების სახით 240 ევრო, სამკაულები, მობილური ტელეფონები, ფოტოკამერები, კომპიუტერი, ცეცხლსასროლი იარაღი და მსხვერპლის სახლიდან გამოტანილი დოკუმენტაცია ამოიღეს.

ესპანეთის პოლიცია მოსახლეობას აფრთხილებს, იმ პირებს, ვინც მათ სხვადასხვა სერვისის შეთავაზებით უკავშირდება, მოსთხოვონ სამუშაო ლიცენზია.

მასალების გადაბეჭდვის წესი