ახალი ამბებიგართობა

Apple-მა და Google-მა Sarahah აპლიკაციებიდან წაშალა

26 თებერვალი, 2018 • 1906
Apple-მა და Google-მა Sarahah აპლიკაციებიდან წაშალა

პოპულარული ანონიმური მესენჯერი Sarahah მობილური აპლიკაციების ორი უმსხვილესი ბაზრიდან გაქრა. ინფორმაციას ამის შესახებ BBC ავრცელებს.

აპლიკაცია Apple-ისა და Google store-ებში აღარ იძებნება. კომპანიებმა Sarahah მას შემდეგ წაშალეს აპლიკაციების ცენტრიდან, რაც ბულინგის ხელშეწყობაში დაადანაშაულეს და მისი წაშლის მოთხოვნით პეტიციაც შეიქმნა.

ონლაინ პეტიციის ავტორი კატრინა კოლინსია. პეტიციის ხელმომწერები ითხოვდნენ Sarahah წაეშალათ Apple-ის App და Google-ის Play store-ებიდან, რადგან ბულინგს უწყობდა ხელს. პეტიციამ მალევე მოიპოვა  470 000 ადამიანის მხარდაჭერა.

პეტიციის შექმნა კოლინსმა მას შემდეგ გადაწყვიტა, რაც გაიგო, რას წერდნენ მის 13 წლის შვილს ანონიმურ მესენჯერში. როგორც კოლინსი ამბობს, ერთ-ერთი მომხმარებელი ამბობდა, რომ იმედი ჰქონდა მისი შვილი სიცოცხლეს თვითმკვლელობით დაასრულებდა, დანარჩენები კი უხამს და შეურაცხმყოფელ ტერმინოლოგიას იყენებდნენ.

აპლიკაცია Apple-მაც და Google-მაც წაშალეს, თუმცა ამ საკითხზე კომენტარის გაკეთბისგან თავს იკავებენ. Sarahah-ის აღმასრულებელი დირექტორი კი, BBC-ის ცნობით, ბრალდებებს უარყოფს და იმედი აქვს, კომპანიებთან შეთანხმებას აპლიკაციის აღდგენაზე მალე მიაღწევს.


Sarahah ონლაინ მესიჯების ანონიმურად გაგზავნის  სერვისია.  თავდაპირველად, საუდის არაბეთში ბაზირებულმა დეველოპერმა ზაინ ალ-აბიდინ ტაუფიქმა Sarahah შექმნა იმისთვის, რომ კომპანიებში ხელმძღვანელობას ანონიმური წერილების მეშვეობით გაეგო დამსაქმებელთა განწყობები თუ პრობლემები, რასაც პირადი საუბრებისას, სხვადასხვა მიზეზის გამო, ვერ ახერხებდნენ.  თუმცა მალევე გადაწყვიტა სერვისი ფართო საზოგადოებისთვის პირადი საუბრებისთვისაც შეეთავაზებინა.

13 ივლისს კი სწორედ ამისთვის შეიქმნა სპეციალური აპლიკაცია მობილური ტელეფონებისთვისაც. ის ხელმისაწვდომი იყო როგორც ანდროიდის, ისე iOS-ის პლატფორმებზე. როგორც  Sarahah-ის შემქმნებელი აცხადებენ, ფაქტობრივად, შეუძლებლია საიტზე თუ აპლიკაციაზე დარეგისტირებული მომხმარებლების ანონიმურობის დარღვევა და მათი ვინაობის  გარკვევა.

მასალების გადაბეჭდვის წესი