“მცირე და საშუალო ბიზნესი უნდა იყოს ქვაკუთხედი ქვეყნის ეკონომიკის განვითარების. უნდა შეიქმნას ექსპორტის განვითარების სააგენტო ეკონომიკის სამინისტროს ბაზაზე, რომელიც ხელს შეუწყობს მცირე და საშუალო ბიზნესს საექსპორტო ბაზრებზე გასასვლელად. მცირე და საშუალო ბიზნესს უნდა ჰქონდეს წვდობა ახალ ტექნოლოგიებზე, ამ ფორუმის მიზანიც ეს არის, რომ გავეცნოთ უცხოელი ექსპერტების გამოცდილებას, თუ როგორ უნდა განვითარდეს გარდამავალი ქვეყნის ეკონომიკა, საშუალო ბიზნესმა აითვისოს ახალი ტექნოლოგიები, განავითაროს მენეჯმენტი,” – განაცხადა კვირიკაშვილმა.
ფორუმში, ასევე, მონაწილეობს საქართველოს საინვესტიციო სააგენტოს ხელმძღვანელი გიორგი პერტაია, რომლის თქმით, ქვეყანაში ინვესტიციები შეფერხდა გარკვეული პრობლემების გამო:
“ჩვენ გვქონდა გარკვეული პრობლემები, რის გამოც შეფერხდა ინვესტიციები, იგივე სასამართლოს დამოუკიდებლობის გამო, მაგრამ ჩვენ გვაქვს შანსი მას შემდეგ, რაც არჩევნები ჩაივლის და პოლიტიკური ცვლილებები მოხდება, საქართველო გახდეს მიმზიდველი უცხოური ინვესტიციებისთვის.”
პერტაიას თქმით, 2014 წლის მეორე ნახევარში მოსალოდნელია “საინვესტიციო ბუმი”, თუკი ქვეყანაში პოლიტიკური პროცესები ისე განვითარდება, რომ სტაბილური გარემო შეიქმნება.
ფორუმი ორდღიანია და მისი მიზანია საქართველოს ეკონომიკური განვითარებისათვის აუცილებელი საკითხების მიმოხილვა, საინვესტიციო გარემოსა და კაპიტალის მოზიდვის საკითხები, ბიზნესის განვითარებისთვის აუცილებელი ინსტრუმენტების განხილვა.
ფორუმის ფარგლებში, გაიმართება გამოფენა, რაც მიზნად ისახავს ბიზნესის განვითარების იდეების, ფინანსური რესურსებისა და საკონსულტაციო მომსახურების შესახებ ინფორმაციის გავრცელებას.
გამოფენაში მონაწილეობენ, როგორც კერძო, კომერციული და საკონსულტაციო კომპანიები, ასევე, თბილისის მერიის ეკონომიკური პოლიტიკის სამსახური.







